რამდენიმე ბინა და დედის გზავნილი ამერიკიდან - რა ქონებას ფლობს და როგორია ვანო ზარდიაშვილის ფინანსური მდგომარეობა

ეკა ბესელია გეგმავს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართოს.

როგორც ცნობილია, ზადიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს საკუთარ საჯარო განცხადებებზე, მათ შორის ეკა ბესელიას მიმართ გამოხატულ მოსაზრებაზეც.

შეგახსენებთ, რომ ზარდიაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა და მას ე.წ.ვირთხა უწოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.

როგორც მის მიერ 28 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გასული წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 46 796 შეადგინა.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, დეპუტატი რამდენიმე ბინის მესაკუთრეა. კერძოდ, მის საკუთრებაშია თბილისში 160 კვადრატული მეტრი ფართობის, 117 კვ. მეტრის და ოთხი 49 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2011-2013-2014 წლებში აქვს შეძენილი.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ მოძრავ ქონებას. რაც შეეხება ზარდიაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 1558,6 ლარი და 34 448,43 დოლარი ჰქონდა. ეს უკანასკნელი დედის მიერ აშშ-დან გზავნილის სახით აქვს მიღებული.

ვანო ზარდიაშვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს: თბილისში 110 კვ. მეტრისა და ბათუმში 51,6 კვ. მეტრი ფართობის ბინებს, რომელიც 2017 წელს მშობლისგან აქვს ნაჩუქარი. მის საკუთრებაშია ასევე 60 კვ. მეტრი ფართობის კომერციული ფართი დედაქალაქში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 2 825.09 ლარი და 2 100 ევრო ჰქონდა. ამასთან, ზარდიაშვილის მეუღლის შემოსავალმა გასულ წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე - 48 576 ლარი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორობისას კი - 6 060,8 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი