ამ დღეებში ვაპირებთ ეროვნულ ბანკთან შეხვედრას, გვაქვს გარკვეული შეკითხვები და ლარის გაუფასურებაზეც გვექნება საუბარი, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" დირექტორმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნესზე ლარის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. მისივე თქმით, ბიზნესმა და სახელმწიფომ ვალუტის კურსის სტაბილურობის მიღწევისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.
"საქართველოში კომპანიების უმეტესობა შემოსავალს ლარებში იღებენ. ნებისმიერ კომპანიაზე, რომელიც ლარებში იღებს შემოსავალს, გავლენას ახდენს ლარის კურსი, ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა. ჩვენ უბრალოდ ამ დროს ვითვალისწინებთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ლარის კურსის წარმოქმნაში ღებულობს მონაწილეობას. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ნეგატიური ფონი არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ ამ დღეებში ვაპირებთ ეროვნულ ბანკთან შეხვედრას, გვაქვს გარკვეული შეკითხვები და ამ თემაზე გვექნება საუბარი. ვფიქრობ, როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის ინტერესებშია, რომ სავალუტო ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდეს და ამისთვის ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს," - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.