ეს ყველაფერი არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარებას და მათთვის ბრალის წარდგენას.
“ივანიშვილმა იცის, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მათ ახალგაზრდებს დათხარეს თვალები, იგი არის სრულიად ბოლომდე გაკოტრებული. ამ ნაბიჯით იგი ებღაუჭება ხელისუფლებას. ამავე დროს, ბრალის წარდგენა არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიც მთავრობის მხრიდან, მიუხედავად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ერთმნიშვნელოვანი განცხადებისა, რომელიც მან ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად გააკეთა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯებიც ვერ უშველის ბიძინა ივანიშვილს. როცა ადამიანი არის ჭაობში, რაც უფრო მეტს ფართხალებს, მით უფრო სწრაფად იძირება. ივანიშვილი ახლა იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ გავიაროთ მომავალი არჩევნები, რაც შეიძლება ცივილიზებულად და ისე, რომ ქვეყანამ არ მიიღოს არანაირი ზიანი იმ ცვლილებებით, რაც გარდაუვალია იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების ნება და სურვილი. პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ ეს არის ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭება, პირველ რიგში, ბრალის წარდგენა არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი მოკავშირეებისთვის და ამას ადასტურებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს განცხადება. ცხადია, რომ ეს ყველაფრი არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯი. ეს საქმე თავიდანვე პოლიტიკური იყო, საქმე ეხება 12 წლის წინანდელ ამბავს, რომელშიც არ არსებობს დაზარალებული.
რა თქმა უნდა, ჩვენ, პარტია “ევროპული საქართველო” ყველაფერს ვიზამთ, როგორც პარლამენტში, ასევე, ყველა ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, რათა წინ აღვუდგეთ ამ კონკრეტულ და სხვა უკანონობასაც, რასაც სჩადის “ქართული ოცნება”, - განაცხადა კანდელაკმა.