„იცვლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა და არა ტარიფი - ტარიფი იქნება იმ ბილეთის შესაბამისი, რასაც მგზავრი აირჩევს"

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ შეიცვლება.

ამის შესახებ ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, მაია ბითაძე არ აკონკრეტებს, რა ეღირება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა მას შემდეგ, რაც ინტეგრირებულ ტარიფში ყვითელი მიკროავტობუსებიც შევა.

ბითაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელის, ასმათ აბესაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გახდეს.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფასების ცვლილებაზე საუბარი არ არის. უფრო მეტიც, სახელმწიფო, როგორც დღეს ახდენს სუბსიდირებას ტრანსპორტის სისტემის, კვლავ გააგრძელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სოციალური მდგომარეობა განსხვავდება სხვა განვითარებული ქვეყნების სოციალური მდგომარეობიდან. ჩვენი მიზანია მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მგზავრებს. ტარიფი იქნება იმ ბილეთის შესაბამისი, რასაც მგზავრი აირჩევს. თუ მგზავრი გადაადგილდება მხოლოდ მეტროთი, გადაიხდის მხოლოდ მეტროს საფასურს. ასმათ აბესაძე საუბრობდა ოფციებზე. მე თუ ვირჩევ მეტროს და მერე კიდევ მეტროს, ვიხდი ბუნებრივია, 50 თეთრს, თუ ვირჩევ მხოლოდ სამარშრუტო ტაქსს, ვიხდი იმდენს, რას ამისთვის არის განსაზღვრული. თუ ვსარგებლობ შეღავათებით, ეს შეღავათები კვლავ სუბსიდირდება სახელმწიფოს მხრიდან. ერთი რამ უნდა გავიგოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება გამართული და ტარიფი - გაერთიანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ტარიფი დარჩება უცვლელი, ხოლო ზოგიერთისთვის გაიაფდება, რადგან სამარშრუტო ტაქსი შედის ინტეგრირებული სისტემაში. ტარიფის ინტეგრაციაზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ვფიქრობთ, ნოემბერში სრულ დეტალებს გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, სიახლე იქნება ის, რომ ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის გადაიხდიან რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაშიც მხოლოდ ერთხელ.

„გადახდა სავარაუდოდ, განხორციელდება ელექტრონულად. ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას, შესაბამისად, თოთოეული მოქალაქე, რასაც დღეს გაიღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით არაკომფორტული მგზავრობისთვის, იგივეს გადაიხდის, კომფორტული მგზავრობისთვისაც, ინტეგრირებული სისტემით, რომელიც მთელ განვითარებულ მსოფლიოში მოქმედებს. იცვლება გადახდის სისტემა და არა ტარიფი. ტარიფზე საერთოდ საუბარი არ არის. ინტეგრირებული ტარიფი იქნება დადგენილი ყველა გადახდისთვის და მგზავრს ექნება უფლება აირჩიოს ის მარშრუტი და სატრანსპორტო საშუალებები, როემლსაც ის ყოველდღიურად ან ერთჯერადად იყენებს. თუ მას დასჭირდება, ასევე ინტეგრირებულ ტარიფში შეეძლება გაერთიანებულად აიღოს სამარშრუტო ტაქსის ბილეთიც“, - განაცხადა ბითაძემ.