ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პროკურატურის გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია.
როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროკურატურამ საქმე მას შემდეგ განაახლა, რაც ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას და შემოდგომისთვის ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას.
„მართალია, ივანიშვილი ამას მიესალმა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მაინც არის პოლიტიკური პროცესი“ , - განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, ანაკლიის თემა იმდენად რეზონანსული გახდა, რომ იქედან დღეს ხაზარაძის ჩამოშორება ნებისმიერი მოტივით იქნებოდა სკანდალური, ამიტომ თუ ხაზარაძის ,,დასჯა” სჭირდება ხელისუფლებას, ჯობია ისევ "თიბისის ბანკის" ირგვლივ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დაიწყოს საუბარი.
„ჩვენს ქვეყანაში, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობა და ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობა არასდროს ყოფილა, ყოველთვის ვფიქრობდით, რომ გადაწყვეტილებები ასეთ დროს მიიღებოდა პოლიტიკური ნიშნით, აქ სავარაუდოა, რომ მის გააქტიურებას პოლიტიკაში მოჰყვა პროკურატურის მიერ საქმის აღძვრა. ანაკლიის პროექტი იმდენად რეზონანსული გახდა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ იქედან დღეს ხაზარაძის ჩამოშორება ნებისმიერი მოტივით, იქნებოდა სკანდალური, ამიტომ თუ მისი ,,დასჯა” სჭირდება ხელისუფლებას, ჯობია ისევ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დაიწყონ საუბარი. ახლა ისეთი ვითარებაა, რომ კიდევ ახალი თემის წამოწევა ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს, მაგრამ იგი დროში იწვება, რადგან თუ შემოდგომამდე დაიცდიდა ამ პროცესის დაწყებას და ხაზარაძე მოასწრებდა ორგანიზაციის შექმნას, მერე ეს უკვე აშკარად პოლიტიკური სურნელის მატარებელი იქნებოდა, ამიტომ გააკეთა სწრაფი, იძულებითი რეაგირება”, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.