მამუკა ხაზარაძე კითხვაზე, ელოდება თუ არა რომ დააკავებენ - მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს

შვილიშვილი შემეძინა, უცხოეთიდან გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ დააკავებენ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად არის და არავის ეშინია.

„მე არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია, სამწუხაროდ. რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, რომელიც არ არის ორიენტირებუყლი ხვალინდელ დღეზე და ორიენტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და მსგავს რაღაცებზეა აწყობილი პოლიტიკა, ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დაგვეწყოს. გუშინ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ ერთი ქართველი დაიბადა, ჩემი შვილიშვილი - სახელად ალექსანდრე. უცხოეთში ვიყავი. გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.