არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ანაკლიის პორტის წინააღმდეგაა მიმართული.
"თუ ვინმეს ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის ჰქონია, ძალიან ცდება, ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი. ეს არის საქართველოს სრულიად ახალი გზა, ეს არის გარღვევა როგორც ეკონომიკურად, ისე ორიენტაციის თვალსაზრისით. ეს არის ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ სერიოზული და მძლავრი ნაბიჯი. ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ, მე აქ მოვედი და მოვალ რამდენჯერაც დამიბარებენ. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. არავის არ ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს. იმიტომ, რომ ვართ მართალი. როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, მინდა ყველას ვუთხრა აქედან, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას. იმიტომ, რომ ეს საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის",-განაცხდა მამუკა ხაზარძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.