რა თქმა უნდა, ხაზარაძეზე არის პოლიტიკური დევნა, წყალი არ გაუვა, ნებისმიერი საუბარი, რომ ეს არის სამართლის საკითხი და მარტო ფინანსებს არ გავცდეთ, ეს ასე არ არის. მე ამას ვაფასებ, როგორც პოლიტიკური დევნის ნიშნების მქონე საქმეს, - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალის წარდგენას.
მისი თქმით, ხაზარაძე ივანიშვილს ამოჩემებული ჰყავს.
“ხაზარაძე დიდი ხანი ჰყავდა ამოჩემებული ბიძინა ივანიშვილს და მათ შორის, გვახსოვს მისი ამოჩემება უმრავლესობაში რომ ვიყავით იქიდან. დღეს როდესაც მან ჩათვალა, რომ სხვადასხვა საფრთხეები განეიტრალურებულია, ბუნებრივია, მას აქვს ამოცანა 2020 წელს ის იყოს უკონკურენტო და ამ შემთხვევაში არ დაუშვას რაიმე სახის წარმონაქმნების, ძლიერი ფრონტების შექმნა”,- აცხადებს გოგიჩაიშვილი.
მისივე თქმით, დღევანდელი დემოკრატიის ტესტი მხოლოდ მედიის თავისუფლებაა და დანარჩენი ყველაფერი არის უზურპირებული.
„რა უნდა ქნან, ფეისბუქს ვერ ჩაკეტავენ და ჯერჯერობით მანიპულაციები არ ჩანს, მაგრამ შესაძლებელია თავისუფალი მედიის მიმართ დაიწყოს ეს ამბები. ერთადერთი ტესტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში საქართველო როგორც ავტორიტარული ქვეყანა არ მოიხსენიება, ეს არის მედია”, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.