ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ოპერატორები სერტიფიცირებას გაივლიან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგულაციის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების გამოყენებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მგზავრთა უფლებების დაცვა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების, საფრენოსნო ექსპლუატაციის და სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნების დადგენის გზით.

"ნორმატიული აქტი კრძალავს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირების შედეგად გაცემული სერტიფიკატის (UOC - ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი) ფლობის გარეშე. ამასთან, ექსპლუატანტი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი) მგზავრისა და მესამე პირის მიმართ.

წესის თანახმად:

  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნება რეგისტრაციის სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად;
  • ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირი, რომელიც დანიშნულია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად ფლობს პილოტის მოქმედ მოწმობას და ოსტატობას შესაბამისი კატეგორიის ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე, აგრეთვე ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს და გავლილი აქვს ყველა შესაბამისი სწავლება;
  • ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ექსპლუატაცია განხორციელდება აეროდრომიდან ან საფრენი მოედნიდან რომლის ფიზიკური მახასიათებლები, დაბრკოლებისაგან შემზღუდავი ზედაპირები და ვიზუალური დამხმარე საშუალებები უზრუნველყოფს ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციას;
  • სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველსაყოფად, ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს ეკიპაჟის წევრების მომზადება, გაფრენისწინა შემოწმება და ექსპლუატაციაში არსებული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის დაცვა არასანქცირებული წვდომისაგან.
  • სერტიფიკატი გაიცემა და მოქმედების ვადა გაგრძელდება 24 თვის ვადით. სერტიფიკატი ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ მის შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.

წესის მოქმედება არ გავრცელდება ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე, ზემსუბუქ საფრენ აპარატებზე, ასევე ზსხ-ის ექსპლუატაციაზე, რომელიც მოიცავს ფრენას პირადი მიზნებისთვის, სპორტულ და ფიგურულ (ავიაშოუ) ფრენებს.

ახალ რეგულაციასთან დაკავშირებთ, ინდუსტრიასთან კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში აღნიშნული საჰაერო ხომალდების რიცხვის ზრდამ და ინდუსტრიის მხრიდან მათი კომერციული დანიშნულებით ექსპლუატაციის ინტერესმა განაპირობა. ფრენების უსაფრთხოების და მგზავრთა უფლებების დაცვასთან ერთად, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ეროვნული მარეგულირებელი ნორმების არსებობა ხელს შეუწყობს ამ მიმართულების სამომავლო განვითარებას, რაც შეუძლებელი იქნებოდა, ავიაკომპანიებისთვის დადგენილი მოთხოვნების ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე გავრცელების შემთხვევაში. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდზე, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, ისე ცალკე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართულებით შექმნილ განყოფილებაში: http://www.gcaa.ge/geo/ultralightaircrafts.php",- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი (ზსხ) არის საჰაერო ხომალდი არაუმეტეს 2 სავარძლით, არაუმეტეს 600 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით ხმელეთიდან და 650 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით წყლის ზედაპირიდან ოპერირებისას.