კახა კალაძე : "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ტარიფი არ გაეზრდებათ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ტარიფი არ გაეზრდებათ.

კალაძის ვარაუდით, გაიზრდება თავად რომელიმე იმ კომპონენტის ღირებულება, რომელიც ტარიფს განსაზღვრავს, თუმცა არა - სამომხმარებლო ტარიფი.

"მოგეხსენებათ, ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან განისაზღვრება, გენერაცია, განაწილება და დისტრიბუცია. მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე კომპონენტში მოხდეს ტარიფის გაზრდა, თუმცა ალბათ სამომხმარებლო ტარიფი დარჩება იგივე და მოსახლეობა გადაიხდის იგივეს, შემცირებულ ტარიფს, რომლითაც დღესდღეობით სარგებლობს", - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სემეკ-ის თავმჯდომარესთან უკვე ჰქონდა საუბარი.