რა ქონებას ფლობს და როგორ შეიცვალა დეპუტატ ეკა ბესელიას ფინანსური მდგომარეობა

ეკა ბესელია გეგმავს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართოს. როგორც ცნობილია, ზადიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს საკუთარ საჯარო განცხადებებზე, მათ შორის ეკა ბესელიას მიმართ გამოხატულ მოსაზრებაზეც.

შეგახსენებთ, რომ ზარდიაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა და მას ე.წ.ვირთხა უწოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია. 2018 წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბესელიას უძრავი ქონება არ შეცვლილა.

კერძოდ, დეპუტატი კვლავ ფლობს 175 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; 80 კვ. მეტრის ბინასა და 150 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 16 500 და 10 000 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 7 000 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას შემოსავლებს, 2017 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას 66 465 ლარის; ხოლო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობისას 22 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მონაცემები, წინა წელს შევსებულთან შედარებით ფაქტობრივად, არ შეცვლილა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის კუთვნილი ნაღდი ფულადი თანხა 16 ათასი დოლარი იყო, მაშინ როცა 2018 წელს შევსებულ დოკუმენტაციაში 7 ათასი დოლარია, თუმცა რა მიზნობრიობით გამოიყენა დეპუტატმა თანხა, მითითებული არ არის.

როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, პარლამენტის წევრი მის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ქონებრივ დეკლარაციაში მათი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული და მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ბესელიას ვაჟი შპს „იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრის“ 60%-იან წილს ფლობს, რომლის საქმიანობითაც მისმა წლიურმა შემოსავალმა 4 000 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი