"მგონია, რომ ხაზარაძის დაკავება უხეში ფორმა იქნება, საქმე უფრო გირაოსკენ იხრება"

მე მგონია, რომ ხაზარაძის დაკავება უხეში ფორმა იქნება და ვფიქრობ, რომ მაინც უფრო გირაოსკენ იხრება საქმე, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

არეშიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში პოლიტიკურ კონიუნქტურას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე კანონს და სამართალს.

„საქმე ისაა, რომ ჩვენთან სამართლიანობის აღდგენის სურვილს არ დაადგა საშველი. ხომ ხედავთ, ჩვენ ახლა იმაზე ვმსჯელობთ, თუ არის დამნაშავე ხაზარაძე, დააკავებენ თუ გირაოს შეუფარდებენ. საქმე ისაა, რომ ჩვენთან პოლიტიკურ კონიუნქტურას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვიდრე კანონს და სამართალს. არ ვიცი, როგორ მოიქცევიან იმიტომ, რომ აქ დანაშაულია მთავარი შემადგენელი თუ ხაზარაძის პოლიტიკური აქტიურობა, ეგ არის გასარკვევი. იყო ასეთი ტიპის დანაშაულებები წინა ხელისუფლების პირობებშიც, ძალიან ბევრს ჰქონდა, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსაც, მაგრამ ზოგ შემთხვევაში კანონი კანონობს, ზოგ შემთხვევაში - არა.

რაც შეეხება განცხადებებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომ ხაზარაძის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, არეშიძე არ გამორიცხავს ამას, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება მანამდე დაიწყო, სანამ ხაზარაძე პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ამ აზრს აქვს თავისი არსებობის უფლება, თუმცა გამოძიება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ხაზარაძე პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, მაგრამ რასაკვირველია, პოლიტიკური ნაწილიც არსებობს, ამას ვერავინ უარყოფს. ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ სცენაზე არის არასასურველი. იმდენი ხალხი ჰყავს საქართველოში ბანკებს გამწარებული, ვერ ვხედავ მე იმის საშიშროებას, რომ ბანკირის მიერ შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია განსაკუთრებულ ხიფათს შეუქმნის ქართულ პოლიტიკურ ველს“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში განცხადება გუშინ გაკეთდა. უახლოეს დღეებში პროკურატურამ სასამართლოს ხაზარაძისა და ჯაფარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით უნდა მიმართოს, თუმცა კონკრეტულად რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს საგამოძიებო უწყება, ჯერ უცნობია.