ჩემთვის კითხვებს არა პროკურატურა, არამედ 17 მლნ დოლარი აჩენს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პოლიტიკაში ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაქცევის საშუალება არ უნდა იყოს.
"ადამიანებს, რომლის წინაშეც შესაძლო სერიოზული პასუხისმგებლობა დგას, მათი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შესვლის თუ არშესვლის, არ უნდა განაპირობებდეს იმას, რა ბრალდებასაც თვეებია საგამოძიებო ორგანოები აყენებენ. თუ არსებობს დანაშაული, ამ დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს. ჩემთვის კითხვებს არა პროკურატურა, არამედ 17 მლნ დოლარი აჩენს. 17 მლნ დოლარი იყო გაცემული ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე კერძო პირზე, მერე ის თანხა დაბრუნდა და გადავიდა ობშორულ ზონაში, ეს არის სქემა. ამით ვინ დაზარალდა და ვინ - არა, იმსჯელებს სასამართლო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში განცხადება გუშინ გაკეთდა. უახლოეს დღეებში პროკურატურამ სასამართლოს ხაზარაძისა და ჯაფარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით უნდა მიმართოს, თუმცა კონკრეტულად რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს საგამოძიებო უწყება, ჯერ უცნობია.