ეს ყველაფერი არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პროცესი თავისი ანაკლიით, თავისი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტით, თავისი საფრთხეებით, რომ რაღაც სერიოზული რყევები არ მოხდეს - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი", „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან იმის გაჟღერება, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, „ანკესი იყო, რომელსაც ღლავები და პატარა ჭიჭყინები წამოეგნენ“.
„როცა გაჟღერდა, რომ ვქმნი სამოქალაქო მოძრაობას სექტემბერში, ეს იყო ანკესი, რომელსაც ღლავები და პატარა ჭიჭყინები წამოეგნენ. 9 ივლისს, როცა ეს განცხადება გავრცელდა, სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნის შესახებ, ხაზარაძე არ იყო საქართველოში. ხაზარაძე აქ დაბრუნდა გუშინწინ და გუშინ მოხდა ის, რაც მოხდა. შეიძლება იმ შიშით მოხდა, რომ ვაიდა აღარ დაბრუნდეს, ან რაღაც გაიწელოს და ა.შ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პროცესი თავის ანაკლიით, თავის წარმატებული ფინანსური ინსტიტუტით, თავის საფრთხეებით, რომ რაღაც სერიოზული რყევები არ მოხდეს ამ ნიადაგზე და 2020 წლის არჩევნებში, სადაც უკვე იძულებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კიდევ საფრთხე არ შექმნას, ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილია და მიმდინარეობს ის, რაც მიმდინარეობს“, - განაცხადა კაციტაძემ.