პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
2019 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 48-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა. საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მთავარი ინდიკატორებია მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში დაწინაურება იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა.
,,ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ,,საქართველო ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 6%-ის მიმართვას განათლებაზე, მეცნიერებასა და ინოვაციებზე, აისახება 2020 წელს გლობალური ინოვაციების ინდექსში და ეს საქართველოს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.
„მთავრობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის საფუძველს. იმედი გვაქვს, რამდენიმე წელიწადში მოვახერხებთ საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვედრას. ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველო ხაზგასმით იქნა აღიარებული, როგორც არამარტო ლიდერი ქვეყანა რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ინოვაციების მიმართულებით,”-განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ცნობისთვის, ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.