პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა და რუსეთისთვის მისი დათმობა, „რუსეთის დროშის გადაფარება იქნება საქართველოზე“.
„რაღაც მოვლენები უნდა დავაკავშიროთ ერთანეთთან, რომ ლოგიკურ ჯაჭვამდე მივიდეთ. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ და ამ პროექტის მიმართ ზოგადად. დღეს უკვე ცალსახაა, რომ თუ გავრილოვი იყო სიმბოლურობის გარდა, პროპაგანდისტული ელემენტი, რუსული გავლენების გაძლიერებისა საქართველოში, ანაკლიის პორტის დათმობა რუსეთისთვის, ამ პროექტის ჩავარდნა, არის უკვე ფიზიკური არეალი და რუსეთის დროშის გადაფარება საქარველოზე უკვე ფიზიკური თვალსაზრისით, რადგან ეს არის გეოსტრატეგიული ტიპის პროექტი, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განზომილება“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
ექსპერტმა ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება გაიხსენა, რომ თუ ანაკლიის პორტი აშენდებოდა, საქართველოს თავისუფალი ბაზრისკენ გზა გაეხსნებოდა, რასაც „ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოჰყვა, რომ ვისაც რუსეთის ბაზრის დაკეტვა უნდა, ის ქვეყნის მტერია.
„ამის შესახებ პომპეომ ცალსახად თქვა, რომ თუ ეს ანაკლიის პორტი აშენდება, საქართველოს გზა გაეხსნება თავისუფალი ბაზრებისკენ. ზუსტად ერთი თვის შემდეგ კი, ვისმენთ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარისგან განცხადებას, რომ ვისაც რუსეთის ბაზრის დაკეტვა უნდა, ის არის ქვეყნის მტერი. ეს ყველაფერი რომ ერთმანეთს დავუკავშიროთ, მივალთ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ არჩევანი ძალიან ცუდი სახით არის დღეს წარმოჩენილი“, - განაცხადა ბოძაშვილმა.