კომპანია „თელასმა“ 2019 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანია „თელასის“ ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 452 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,2% (49 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2018 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობაზე (1 501 მილიონი კვტ*სთ).
მათივე ინფორმაციით, მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ანხორციელებს. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვები თავისუფალ ბაზარზე.
ამასთან, „თელასის“ ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივნისში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,2%-ით (75 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 375 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირება ასევე განაპირობა ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლამ.
გარდა ამისა, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2019 წლის 6 თვის მონაცემებით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით (27,1 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 645,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 581,6 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 63,8 ათასი – იურიდიური პირი.
მათივე ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 767 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (259 კმ-ით) აღემატება 2018 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს (5 508 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.