ის, რომ ახლა ამოქექეს 10 წელზე კიდევ უფრო ძველი საქმე, მიგვანიშნებს, რომ ძალიან სჭირდებოდათ რაიმეს პოვნა ხაზარაძის საწინააღდმეგოდ და ეს ანგარიშსწორების ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური მოძრაობის წამოწყებამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ ხაზარაძე არ აღიქმებოდა როგორც პოლიტიკური მოთამაშე, თუმცა მიუხედავად ივანიშვილის თავდაპირველი განცხადებისა, რომ ის მიესალმებოდა ხაზარაძის მხრიდან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, დღეს განსხვავებული სურათი გვხვდება.
„რაკი გუშინ დაკითხვის დროს ხაზარაძე არ დააპატიმრეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასამართლო უფრო გირაოსკენ გადაიხრება, მაგრამ ეს საკითხი პროკურატურამ შეგნებულად ღიად დატოვა. სანამ ხაზარაძე გამოაცხადებდა, რომ პოლიტიკურ მოძრაობის დაწყებას აპირებდა, შესაძლოა მასთან დაპირისპირებას პირდაპირ პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონოდა, იმიტომ, რომ ხაზარაძე პოლიტიკური მოთამაშე არ იყო. ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილს, ეს იყო სწორედ მისი კავშირი „თიბისისთან“ და ხაზარაძესთან, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხაზარაძე უნდა დაისაჯოს. ის, რომ ახლა ამოქექეს 10 წელზე კიდევ უფრო ძველი საქმე, მიგვანიშნებს, რომ ძალიან სჭირდებოდათ რაიმეს პოვნა ხაზარაძის საწინააღმდეგოდ და ეს ანგარიშსწორების ხასიათს ატარებდა. მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ დაანონსა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ის აღიქვა, როგორც პოლიტიკური კონკურენტი და სავსებით შესაძლებელია ხაზარაძეს არჩევნებზე ხმების გარკვეული რაოდენობა აეღო, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი განცხადებისა, რომ ის მიესალმებოდა ხაზარაძის მხრიდან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, დღეს განსხვავებული სურათი გვხვდება,“ - განაცხადა გია ნოდიამ.