საქართველოზე გამავალი ტვირთის ოდენობა 2013 წლიდან მცირდება. როგორც საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ტვირთბრუნვა 0.9%-ით შემცირდა, რაც სარკინიგზო გადაზიდვების შემცირებით არის გამოწვეული, მაშინ, როცა საგზაო გადაზიდვებმა სტაბილურობა შეინარჩუნა.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2018 წელს, მთლიან ტვირთბრუნვაში საგზაო გადაზიდვებმა 75,7%-ს მიაღწია.
კვლევაში თხევადი და მშრალი ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებლებზეც არის საუბარი. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, რკინიგზის მიერ გადაზიდული თხევადი ტვირთების მოცულობა 27%-ით შემცირდა 2018 წელს, ვინაიდან მილსადენების მხრიდან კონკურენცია არის გაზრდილი.
„ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება წინა წელთან შედარებით, 58%-ით შემცირდა და მთლიანად, თხევადი ტვირთის 5,4%-ს მიაღწია. ყაზახეთიდან სატრანსპორტო მოცულობის კლების გამო, ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წელთან შედარებით, 23,8-ით შემცირდა“, - ნათქვამია კვლევაში.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში პირველად, სარკინიგზო ხაზით მშრალი ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელი 8,5%-ით გაიზარდა და 2018 წელს ჯამური ტვირთბრუნვის 68,4% შეადგინა.
„მიუხედავად ამისა, გაზრდილი მშრალი ტვირთის ტრანსპორტირება, შემცირებული თხევადი ტვირთის მაკომპენსირებელი ვერ გახდა. მშრალი ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი რეგიონში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზია.“, - აღნიშნულია კვლევაში.
მარიამ მენაბდიშვილი