პორტის ოპერატორმა კომპანიამ SSA Marine წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტი გარკვეული დროით, ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს საქართველოში,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.
ლევან ახვლედიანის თქმით, ამერიკული კომპანია SSA Marine -ისგან 10 დღის წინ მიიღეს წერილი ახალი მოთხოვნით. კერძოდ კი, პორტის ოპერატორი და ინვესტორი კომპანია SSA Marine, გარკვეული პერიოდით ანაკლიის პორტისთვის ექსკლუზივის მინიჭებას ითხოვს.
„ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ჩვენი პარტნიორები, პორტის ოპერატორი დაგვერწმუნებინა, რომ პროექტს მთავრობის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მაისში განვითარებული მოვლენების გამო, მათ გადაწყვიტეს, რომ წამოეყენებინათ დამატებითი მოთხოვნა, რაც გულისხმობს, რომ ანაკლიის პორტი გარკვეული დროით, კერძოდ, სანამ პროექტის პირველი ფაზა არ მიაღწევს 70%-იან უტილიზაციას, იყოს ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში. ეს არის SSA MARINE-ს მიერ წამოყენებული ახალი პირობა, რომელიც მანამდე არ ყოფილა. ისინი მზად არია, ნ ჩაერთონ პროექტში, განახორციელონ ინვესტიცია, რომელზეც აიღეს ვალდებულება თავის დროზე მაგრამ ეს ახალი პირობა წამოაყენეს. მათი ეს რეაქცია პორტთან დაკავშირებული საკითხების ორაზროვნებამ გამოიწვია,“-აცხადებს ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენდირექტორის თქმით, SSA MARINE-ის მოთხოვნის შესახებ მთავრობა ინფორმირებულია, თუმცა ამ მოთხოვნაზე მთავრობის პოზიცია მისთვის ცნობილი არ არის.