ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენმდივნი - საბჭო  ყურადღებით ადევნებს თვალყურს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC) „ყურადღებით ადევნებს თვალყურს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებს, ასევე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებს“.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის-საქართველოს ბიზნესსაბჭო მიმართავს საქართველოს მთავრობას, ასევე პროკურატურას, რომ მოიძებნოს შესაბამისი გამოსავალი იმ მძიმე ვითარებიდან, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა.

„აქ საუბარი არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლებზე, არამედ „თიბისი“-ზე როგორც ერთ-ერთ წამყვან საფინანსო დაწესებულებაზე, რომლის ინსტიტუციური ჩამოშლა მნიშვნელოვნად იმოქმედებს, როგორც ზოგადად ქვეყნის შიგნით საზოგადოების განწყობაზე, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

ზემოხსენებულ საკითხზე, როგორც ჩვენს წინა განცხადებაში აღვნიშნეთ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, პროკურატურის თანხმობის შემთხვევაში, გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც წამყვანი ევროპული ბიზნეს-საბჭო ჩაერთოს პროცესში და აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ბიზნესის წარმომადგენლების მონიტორინგის კომისია“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.