„ბიჯეოს“ ერთ-ერთი „მემკვიდრე“  და „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი“ გაერთიანებას გეგმავენ

საინვესტიციო ჯგუფის BGEO Group PLC -ს გაყოფის შედეგად, მიღებული ერთ-ერთი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ და „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი“ გაერთიანებას გეგმავენ.

კონკურენციის სააგენტომ მათ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია უკვე განიხილა და და მიიჩნია, რომ შესაბამისი ბაზარი, რომელზეც ხორციელდება შერწყმა, ბაზრის მახასიათებლების (HHI ინდექსი) მიხედვით დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი არსებითად არ იცვლება.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის“ წილის შეძენით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, თავსებადია,“-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC-ი გაიყო და ფუნქციონირება ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძო. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.

თაია არდოტელი