„რეკრეაციულ ზონაში, სადაც ახალი საბაგიროს სადგური უნდა აშენდეს, 15 კოტეჯის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს"

ბაკურიანში, რეკრეაციულ ზონაში, სადაც სამომავლოდ ახალი საბაგიროს სადგური უნდა აშენდეს, უკანონოდ 15 რკინა-ბეტონის კოტეჯის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაკურიანის გენგეგმის ავტორმა, ირაკლი მურღულიამ განუცხადა.

როგორც ირაკლი მურღულია აცხადებს, ბაკურიანში არაერთი უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც გასული წლის იანვარში დამტკიცებული გენგეგმის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს უწყება, რომელიც უკანონო მშენებლობებს გააკონტროლებდა.

„ბაკურიანის ახალი გენგეგმის აღსრულებასთან დაკავშირებით პრობლემაა, რომ არ არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც გააკონტროლებდა მიმდინარე მშენებლობებს. გენგეგმის საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციით, ადგილობრივი თვითმმართველობა გასცემს მშენებლობის ნებართვას, მაგრამ ბაკურიანში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს ამ ყველაფრის გადახვევით, დარღვევით ან უნებართვოდ, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს და ცუდი მაგალითია, როდესაც ხალხი ხედავს, რომ ასეთი უკანონო მშენებლობის გამო არავინ ისჯება,“- აცხადებს მურღულია.

მისივე თქმით, უკანონო მშენებლობები ხშირია რეკრეაციულ ზონებში. ბაკურიანის გენგეგმის ავტორი კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბაკურიანში რეკრეაციულ ზონაში, „იმერლების მთასთან“, სადაც სამომავლოდ ახალი საბაგიროს სადგური უნდა აშენდეს, უკანონოდ 15 რკინა-ბეტონის კოტეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

„როგორც წესი, უკანონო მშენებლობა ხდება ხოლმე სატრანსპორტო და რეკრეაციული ზონებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმერლების მთა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი საბაგირო ტრასის მშენებლობაა დაგეგმილი. ეს ადგილია, რომელსაც ახალი საბაგიროს მშენებლობის ყველაზე დიდი რესურსი გააჩნია და მის გარეშე პრაქტიკულად ბაკურიანის განვითარება შეუძლებელია, თუმცა იქ სადაც საბაგიროს სადგური და მისი ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს, ვიღაცეებმა დაიწყეს 15 რკინა-ბეტონის კოტეჯის მშენებლობა, რაც არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ სამსახურთან. ფაქტობრივად ესაა პრეცედენტი, რომელიც ამბობს, რომ გენგეგმა სულ ტყუილად მომზადდა და გეგმა, რომელიც სახელმწიფომ ბაკურიანის განვითარებასთან მიმართებაში ჩამოაყალიბა, ტყუილადაა გაკეთებული“, - აცხადებს ირაკლი მურღულია.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა არ რეაგირებს, მსგავსი შემთხვევები კი არაერთია და კორპუსებიც კი შენდება ბაკურიანში უკანონოდ, მაშინ როდესაც ახალი გენგეგმა ამას ზღუდავს.

„ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსშია, უბრალოდ არ რეაგირებს. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს ერთ-ერთი მოქმედი სადგურის „ტატრას" მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლა იწყება და ჯერ პროექტი არაა მზად, ახალი სადგური სად უნდა დაიდგას, მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამ კორპუსს აშენებენ, მაშინ, როდესაც ახალი გენგეგმით ბაკურიანში კორპუსების მშენებლობა შეზღუდულია და ძირითადად დაბალი ინტენსივობით განვითარებაზეა აქცენტირება. კურორტი ისედაც არ არის კარგ დღეში და გამოსწორების იმ გზების განხორციელებაც, რაც სახელმწიფოს ჰქონდა დაგეგმილი, შეუძლებელი გახდება, თუ ეს უკანონო მშენებლობები გაგრძელდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა ჩამოყალიბდეს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც უკანონო მშენებლობებს გააკონტროლებს,“ - აცხადებს ბაკურიანის გენგეგმის ავტორი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.