„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კოტე კემულარიას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ოქრუაშვილის დავას უკავშირდება. როგორც კემულარიამ აღნიშნა, ოქრუაშვილი აქციებიდან 1 თვის განმავლობაში არ დაუკავებიათ და ის პასუხისგებაში მას შემდეგ მისცეს, რაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.
„ხელისუფლების დღევანდელი განცხდებები, რომ თურმე არსებობს ნათელი მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, არის გამოგონილი და მას არანაირი კავშირი სამართალთან და მტკიცებულებებთან არ აქვს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის, პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული გზით დარბევა, რასაც მოჰყვა ათეულობით ადამიანის დასახიჩრება, მათ შორის 36 ჟურნალისტის სხეულის დაზიანება, გადაფაროს ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით. მიტინგიდან 1 თვის განმავლობაში, მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია „რუსთავი 2“-ის აქციების 100% სწორედ მას ეკუთვნის და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით. ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების საფუძველი არის მისი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები და ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელევიზია „რუსთავი 2“-ის დახურვის სურვილი“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადება ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით „არის სირცხვილი და დანაშაული, ვინაიდან მან უკარნახა და პირდაპირ მითითება მისცა გამოძიებას“.