„თიბისი ბანკის“ საქმე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო განვითარებული მოვლენები ნამდვილად არის საქმე, რომელიც აღძრავს შეკითხვებს"

„თიბისი ბანკის“ საქმე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო განვითარებული მოვლენები ნამდვილად არის საქმე, რომელიც აღძრავს შეკითხვებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ნიკა მელიასთვის და ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე და აღნიშნა, რომ როდესაც ბრალი ორ პოლიტიკოსსა და ასევე მომავალ პოლიტიკოსს აქვს წარდგენილი, სახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება.

„პირველ რიგში, ჩვენ ახლა გვაქვს ასეთი ვითარება: ბრალი აქვს წარდგენილი ორ მოქმედ პოლიტიკოსს: მელიას, ოქრუაშვილს და ასევე მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს. ეს ყველაფერი სახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება. რაც შეეხება „თიბისი ბანკის საქმეს“, მე პირადად დავინტერესდი და შევხვდი, როგორც ჯაფარიძე - ხაზარაძეს, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას ამ საქმესთან დაკავშირებით და ორივე მხარის პოზიცია მოვისმინე. მთავარი პრეტენზია ეროვნულ ბანკს ხაზარაძის მიმართ ჰქონდა ის, რომ ადგილი ჰქონდა ტრანზაქციების დროს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკონონმდებლო რეგულაციების დარღვევას. მაშინ საუბარი დანაშაულებრივ ქმედებებზე ბანკის მხრიდან არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მე დავინტრესდები, რამდენადაც შესაძლებლობა და წვდომა მექნება მასალებზე, რამდენად ჩანს სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის საქმეში დანაშაულის ნიშნები, რაც ფულის გათეთრებასა თუ არალეგალური შემოსავლების მიღებას ეხება და რამდენად არის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ისეთი მძიმე დანაშაული, რასთან მიმართებითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.