„თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
სახელმწიფო ბრალდებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
როგორც პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნა, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი და ბრალი ულატერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. პროკურორის თქმითვე, მამუკა ხაზარაძეს მიმდინარე წელს საქართველოს საზღვარი 154-ჯერ აქვს გადაკვეთილი. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ის შესაძლოა გამოძიებას მიემალოს, ასევე მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს და მტკიცებულებები გაანადგუროს. იგივე გარემოებებზე ისაუბრა სახელმწიფო ბრალდებამ ბადრი ჯაფარიძის მიმართაც.
ამასთანავე, პროკურატურა ითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).