„როცა პროკურატურა ითხოვს, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვარგარეთ გადაადგილება აეკრძალოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ საქმიანობას უკრძალავს"

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე, მათი საქმიანობის აკრძალვას ნიშნავს.

აღნიშნულის შესახებ სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

კორძაძის განმარტებით, აბსურდული სიტუაციაა და თუ ვინმემ ზარალი განიცადა, ეს "თიბისი ბანკია". კორძაძის განმარტებითვე, ამ ფაქტის გამო, საერთო ჯამში დავარდა საქართველოს რეიტინგი. ადვოკატის განცხადებით, ანაკლიის პროექტი საზღვარგარეთ წასვლა-წამოსვლის გარეშე წარმოუდგენელია.

„როცა პროკურატურა ითხოვს, რომ საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვარგარეთ გადაადგილება უნდა აეკრძალოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ საქმიანობას უკრძალავს“, - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ამასთანავე, პროკურატურა ითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).