USAID-ის მხარდაჭერით ტურიზმის სტრატეგიის განახლების პროექტზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის - 2025 განახლებას და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. აღნიშული პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტის მხარდაჭერით ტარდება.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, USAID-ის, სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ტურიზმის სტრატეგიის განახლების პროექტზე მუშაობას, მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც წლიდან წლამდე იქნება გაწერილი თუ რა მიმართულებით ვმუშაობთ. ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტი ქვეყნიდან საქართველოში მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვიდნენ. ჩვენ განვსაზღვრავთ იმ სტრატეგიულ ქვეყნებს, სადაც მოხდება სწორ პლატფორმებზე საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება. ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ტურიზმის მიმართულებით, რაც იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის და ხალხის დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის - 2025 USAID-ის დაფინანსებით და საკონსულტაციო კომპანიების Solimar International-ის და DAI-ის ჩართულობით განახლდება.

როგორც USAID-ის საქართველოში ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა განაცხადა, ისინი 2025 წლის სტრატეგიას განიხილავენ, ანახლებენ და ცვლილებები შეაქვთ, რათა გაუმჯობესდეს ტურისტული პროდუქტები საქართველოში.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან ერთად შევიკრიბეთ. ჩვენ განვიხილავთ 2025 წლის სტრატეგიას, ვახდენთ განახლებას და ცვლილების შეტანას, რომ გაუმჯობესდეს ტურისტული პროდუქტები საქართველოში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, სხვადასხვა უწყებებთან და კერძო სექტორთან ერთად დიდი როლი აქვს ამ პროექტის განხორციელებაში, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის დიდი ნაბიჯი გადავდგათ“, - განაცხადა მარკ მაკორდმა.