ჭკვიანური შეკითხვები, რომელიც ყველა ტიპის გასაუბრების შემდეგ უნდა დაისვას

სამსახურის გასაუბრებაზე მისულებს, საუბრის ბოლოს დამსაქმებელს უკითხავს, „თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე შეკითხვა?“ თქვენ კი ალბათ, 1-2 კითხვით თუ შემოიფარგლეთ. როგორც უცხოური გამოცემა Business Insider გვეუბნება, არსებობს კითხვების ჩამონათვალი, რომლებიც სასურველია გასაუბრების შემდეგ დავსვათ.

ამ დროს გვაქვს საშუალება, კომპანიისა და მისი შემოთავაზების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ. ამასთან, თქვენ სრული უფლება გაქვთ, ინტერვიუერს იმდენივე შეკითხვა დაუსვათ, რამდენიც მან დაგისვათ, რადგან ორივე მხარე უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს სამსახური თქვენთვის ნამდვილად შესაფერისია.

TalentZoo-ს პრეზიდენტი, ემი ჰუვერი აღნიშნავს, რომ არსებობს კიდევ ერთი მნიშვენელოვანი მიზეზი, რის გამოც გასაუბრებაზე კითხვები მუდმივად უნდა გქონდეთ მომზადებული.

„დამსაქმებელი გასაუბრებაზე მისულისგან კითხვას ყოველთვის ელოდება და თუ არ უსვამენ, შეიძლება, მიიჩნიოს, რომ აპლიკანტს ვაკანსიისადმი ღრმა ინტერესი არ აქვს. გასაუბრების ბოლოს, 4 კითხა მაინც უნდა გქონდეთ მზად, რომელსაც დამსაქმებელს დაუსვამთ. გაითვალისწინეთ, რომ კითხვა მხოლოდ „კითხვისთვის“ არ უნდა დასვათ, გასაუბრების შინაარსიდან გამომდინარე, საკითხისადმი ადეკვატურად უნდა გამოხატოთ ინტერესი. თქვენ მიერ დასმულმა შეკითხვამ დამსაქმებელთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა არ უნდა გაგიფუჭოთ“, - აღნიშნავს ის.

გთავაზობთ, Business Insider-ის მიერ შედგენილი კითხვების ჩამონათვალს:

1. გარდა იმ უნარებისა, რაც ვაკანსიის ჩამონათვალში გაქვთ, როგორ ფიქრობთ, დამატებით, რა უნარები უნდა ჰქონდეს თანამშრომელს, რომელიც თქვენს გუნდში იმუშავებს?

იმის გაგება, თუ რა უნარებია ზოგადად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი, მოგცემთ საშუალებას, კომპანიის გუნდს უფრო დაუახლოვდეთ, შეიტყოთ მათიშიდა კულტურა და ძირითადი, რასაც ისინი აფასებენ.

2. ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები ხომ არ გაქვთ?

ეს კითხვა თქვენს ღირსეულ პოზიციას წარმოაჩენს. ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ, ღიად განიხილოთ თქვენი სუსტი მხარეები თქვენს პოტენციურ დამსაქმებელთან.

3. შეგიძლიათ, უფრო დეტალურად ამიხსნათ, რა საფეხურები უნდა გავიარო იმისთვის, რომ თქვენს კომპანიაში დავსაქმდე?

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ხართ და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიას ეხება, თქვენთვის ღირებულია.

4. რა საფეხურების გავლა მოუწიათ ყოფილ თანამშრომლებს იმისთვის, რომ თქვენს კომპანიაში წარმატებისთვის მიეღწიათ?

ამ შეკითხვაზე პასუხი საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რა არის კომპანიის წარმატების საზომი.

5. თუ თქვენი თანამშრომელი გავხდები, დღის განმავლობაში კონკრეტულად, რა სამუშაოს შესრულება მომიწევს?

ეს კონკრეტულ პოზიციაზე თქვენი დასაქმების სურვილსა და ინტერესს გამოხატავს. ასევე, მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, ამ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, რამდენი ხელმძღვანელი პირი გეყოლებათ და ა.შ

6. პოზიცია, რომლის გასაუბრებაზეც მოვედი, დგას თუ არა რაიმე გამოწვევების წინაშე?

როგორც Business Insider-ის სტატიაშია აღნიშნული, თუ დამსაქმებელი გეტყვით, რომ ამ პოზიციას არანაირი გამოწვევა არ აქვს, საქმეს კიდევ უფრო დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ.

7. როგორ ეხმარებით თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში?

ჰარისონის თქმით, ეს შეკითხვა კომპანიასთან სამომავლო ურთიერთობის გზას გიჩვენებთ.

8. როცა თანამშრომლებს შორის კონფლიქტუი სიტუაცია შეიქმნება, როგორ რეაგირებთ?

იმის ცოდნა, თუ კომპანია როგორ რეგირებს კონფლიქტურ სიტუაციებზე, მისი შიდა კორპორაციული კულტურის სურათს კარგად დაგანახებთ.

9. როდის შემატყობინებთ ვაკანსიის შესახებ საბოლოო პასუხს?

ესეც იმის გამომსახველია, რომ ვაკანტური პოზიცია თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის მნიშვნელოვანია და მათ გადაწყვეტილებას სერიოზულად ეკიდებით.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა