გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ განხორციელებულ სოფლის განვითარების პროექტებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ხატია წილოსანმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადგილობრივი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.
„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, ასევე სოფლის განვითარებისთვის. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) საგრანტო პროგრამის ორი ფაზა წარმატებით განახორციელა. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 65 პროექტი, რომელთა ღირებულება ჯამში 5 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, დასაქმებულთა 40% კი, ქალია“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგროტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT).
ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს, სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამის ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროს შეადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.