26 წლის ბიჭის ბიომეურნეობა წნორში

"საზოგადოების დიდმა ნაწილმა კვლავაც არ იცის, რა არის "ბიო", ჭამენ ნიტრატებით გაჯერებულ პროდუქტებს და არ იციან, რა რაოდენობით არის შხამი ამ პროდუქტებში"

ნიკა ბაგალიშვილი წნორში ცხოვრობს, 26 წლისაა, აქვს თავისი ბიომეურნეობა და დიდი გეგმები. აგრარულ უნივერსიტეტში აგრონომიული სამაგისტრო კურსის გავლის შემდეგ მშობლიურ სოფელს მიაშურა. "ჯერ ერთი, მიყვარს ეს საქმე და მერე - ვფიქრობ, ბიომეურნეობის მიმართულებით საქართველოში დიდი არაფერი ხდება და მინდა, რაღაცები შევცვალო. საერთოდ, აგრარულ საკითხებში ადამიანები ძალიან ცუდად არიან ინფორმირებული. ყოველთვის ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემთვის არ მეკეთებინა საქმე, ბიზნესი და ის სხვებისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო", - გვეუბნება ნიკა.

- ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. გარემო საშინლად დაბინძურებულია, ჯანსაღი პროდუქტების მიღება კი მხოლოდ ბიომიმართულებით არის შესაძლებელი. ამიტომაც გადავწყვიტე მოსავლის ასე მოყვანა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კვლავაც არ იცის, რა არის "ბიო", ჭამენ ნიტრატებით გაჯერებულ პროდუქტებს და არ იციან, რა რაოდენობით არის შხამი ამ პროდუქტებში.

- რით განსხვავდება ბიოპროდუქტი ნიტრატებით მოყვანილისგან?

- ქიმიური პრეპარატების გამოყენებით მარტივად შეგიძლია ებრძოლო სარეველას - დაასხამ და მორჩა, იქ აღარაფერი ამოვა. ბიომეურნეობაში ეს დაუშვებელია, ამას ვერ გააკეთებ. სარეველას გასანადგურებლად ბრძოლა ხელით გიწევს და მისი მოსპობა ყველაზე რთული საქმეა. რაოდენობრივად ბიოპროდუქტი შეგვიძლია ისევე მოვიყვანოთ, როგორც ქიმიური, თუმცა მეტი შრომა უნდა და მერე ამიტომაც განსხვავდება ფასები და ხარისხი. საქართველოში ბაზარი არ არის ერთნაირი, მაგალითად, 1 კილოგრამი პამიდორი ზოგან 1,5 ლარი ღირს, ზოგან - 2 ან 3 ლარი. საბოლოოდ არც ვიცი, რა არის პამიდვრის რეალური ფასი, მე 3,5 ლარად ვყიდი და ვფიქრობ, საკმაოდ დაბალი ფასია, მაგრამ ეს საქმე ახალი დაწყებული მაქვს და მინდა ყველამ შეიტყოს. ამიტომ თავიდან ასეთი მიდგომა მაქვს. სერტიფიკატიც არ მაქვს ჯერ, მომავალი წლიდან მექნება და ფასს უკვე ამის მიხედვით მოვუმატებ. ჩემი პროდუქტი ძალიან განსხვავდება­ ქიმიურად დამუშავებულ-მოწეულისგან, როგორც შესახედავად, ისე სუნით და გემოთი.

- რა ფართობზე მოგყავთ პამიდორი?

- პამიდორი, ბროკოლი და ცხარე წიწაკა ჩემს ეზოში და ეზოს უკან, ბაღჩაში მაქვს გაშენებული, სულ 500 კვმ-ია. კარტოფილი ცოტა ზემოთ, ტყის მიწაზე მაქვს. ის ადგილი 15 წელია, არ დამუშავებულა. შარშან შემოვღობე, ჩემთვის სასინჯად კარტოფილი დავთესე. კარგი მოსავალი მოვიდა, წლეულს უკვე გასაყიდად ბევრი დავთესე. სამწუხაროდ, წყალი არ უდგება და შესაბამისად, მოსავლიანობა დაბალი იყო. ლობიო ქვემოთ, ალაზნის ველისკენ მითესია, ნახევარ ჰექტარამდეა და სულ 7000 კვმ მიწის ნაკვეთი გამოვა. ფართობის პრობლემა მაქვს, თორემ უფრო მეტ პროდუქტს დავთესავდი.

- მარტო მუშაობთ თუ დასაქმებული გყავთ ვინმე?

- ჩემი მშობლები მეხმარებიან, მაგრამ­ უმეტესწილად, მე ვმუშაობ. უბრალოდ, მათი დახმარება ხანდახან მჭირდება. მე თვითონ ვყიდი კიდეც საკუთარ მოსავალს. ბროკოლი წლეულს პირველად მოვიყვანე. თავიდან თესლი სპეციალურ კასეტებში დავთესე, ნერგები კარგად გაფხვიერებულ ნიადაგში გადავიტანე. მიწა კარგად გაფხვიერებული უნდა იყოს. დარგვისას რიგებს შორის მანძილი 60-70 სმ-ია დასაცავი, მცენარეებს შორის მანძილი კი 35 სმ უნდა იყოს. წყალი უყვარს, ხშირი მორწყვა უნდა. თუ ნესტი არ აქვს, ვერ მოდის. სამ თვეში ბროკოლის გაძლევს და პატარა ნაკვეთზე თავისუფლად შეგიძლია წელიწადში ორი მოსავალი მოასწრო, მაგრამ ეს ბიომეურნეობისთვის კარგი არ არის. წლეულს მავნებლები ცოტა მყავდა, მაგრამ თუ გაისად იმავე ადგილას ბროკოლის დარგავ, მავნებლები მოიმატებს და შესაბამისად, ბრძოლა მომიწევს, ამიტომ ჯობს, სხვა კულტურა გავაშენო. კულტურები ისე უნდა ჩაანაცვლო, რომ რაც შეიძლება უკეთესი მოსავალი მოვიდეს. სირთულე, როგორც ვთქვით, სარეველების ხელით მოცილებაა.

- როგორც შევიტყვე, მულჩირებას მაგ სარეველა ბალახით უკეთებთ მცენარეს...

- ბალახის მულჩი იმით განსხვავდება ხელოვნურისგან, რომ აქ ბუნებრივი პროცესები მიდის - ლპება, ჩნდება ჭიაყელები, სინესტე გაცილებით მეტი აქვს და ფესვი იმ სიცხის გამო, რომელიც ჩვენკენ იცის, შოკში აღარ ვარდება. ზემოდან ბალახი დაახლოებით 15 სმ-ზე ადევს და სიცხე ფესვამდე ვერ აღწევს, რაკი სინესტესაც დიდხანს ინარჩუნებს. ამის დადებითი მხარე ის არის, ბალახს რომ გავშლი, იქ სარეველა აღარ ამოდის და შესაბამისად, მასთან ბრძოლა აღარ მიწევს. თუმცა ბალახის მულჩის გაშლა ძალიან შრომატევადი პროცესია, ბევრი დრო და ენერგიაა საჭირო.

- სასუქად რას იყენებთ?

- საქონლის გადამწვარ ნაკელს. კარგ ეფექტს იძლევა. ბროკოლი, პამიდორი სულ ამ სასუქით მოვიყვანე, მშვენიერი მოსავალიც მივიღე.

- ყურძენი არ მოგყავთ?

- ჯერ არა, მაგრამ ვაპირებ მეურნეობის გაფართოებას, რადგანაც ამ საქმეში მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია. თუმცა დროის ამბავია და ალბათ, ესეც მექნება.

- ნიკა, სოფლის ბავშვებისთვის უფასო სასწავლებლის გახსნას აპირებთ, სადაც მათ ბიომეურნეობა უნდა შეასწავლოთ. როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?

- რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ცუდად არიან ინფორმირებული. მარტივ მაგალითს მოვიყვან - ხორბლის მოსავალს რომ აიღებენ, მერე ნამჯას ცეცხლს უკიდებენ და წვავენ. ეს არ შეიძლება, რადგანაც იწვება ჰუმუსი - მიწის სწორედ ის ფენა, რომელმაც ნაყოფი უნდა მოგვცეს. წლების შემდეგ ამის გამო ჩვენი ნიადაგი შეიძლება უნაყოფო გახდეს... მოკლედ, უამრავ საკითხში ჩანს უცოდინარობა. საკონსულტაციო მაგიდის კონსულტანტი ვარ "ცოდნის კაფეში". პროექტი ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობდა, მაგრამ ამან არ იმუშავა - ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ. შეხვედრებზე მხოლოდ პატარები მოდიოდნენ. ორმა ბავშვმა - ფერმერობა მინდა, კარტოფილი უნდა მოვიყვანოო. გამიხარდა და სკოლის გახსნის იდეაც აქედან გაჩნდა. გადავწყვიტე, პატარებთან ვიმუშაო. მათ მეტს ასწავლი, ვიდრე დიდებს. დიდებს უკვე რაღაც მიმართულება აქვთ და ვერაფერს ცვლიან. ამის არც სურვილი აქვთ. ჩვენს სასწავლებელში 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ივლიან. თეორიის სწავლის გარდა, პრაქტიკასაც გაივლიან. თვითონვე დარგავენ, დათესენ, მოიყვანენ. ამ პროცესში რომ ჩაერთვებიან, მერე გაყიდიან კიდეც და ამასაც ისწავლიან. ზაფხული დასრულდება და ჩვენც დავიწყებთ.

იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 29 ივლისის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად