შატილთან ჰესს 2.916 მლნ-ად შპს „პარვუს ჰიდრო“ ააშენებს.
ჰესის ასაშენებლად ტენდერი 29 მაისს გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 089 000 ლარი იყო. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული თანხა კი 2 916 016 ლარს შეადგენს.
ტენდერში სამი კომპანია - შპს „შორეთელი ჰოლდინგ გრუფ“, შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“ და შპს „პარვუს ჰიდრო“ მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი „პარვუს ჰიდრო“ გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი გულისხმობს 200 კვ. დადგმული სიმძლავრის მქონე მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის - „ბიტეხი 1“ მშენებლობას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ შატილთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარება დაგეგმილია მხოლოდ ლოკალურად.
„კონტრაქტორმა უნდა განახორციელოს პროექტის დეტალური დიზაინის მომზადება (დეტალუტი პროექტი), რაც მოიცავს სადგურის სამშენებლო ნაწილის განსაზღვრას, ტურბინის ყველაზე მისაღები ტიპის შერჩევას, დასრულების შემდგომ ტესტების ჩატარებას და ა.შ. კონტრაქტორის მიერ მომზადებული პროექტი ექვემდებარება შემდგომში დეტალურ შეფასებას/ექსპერტიზას, რომელიც უნდა ჩაატაროს მესამე აკრედიტირებულმა კომპანიამ (ან პირმა), რომელიც აკრედიტირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მესამე აკრედიტირებული კომპანიის დაქირავებას განახორციელებს GEDF.
კონტრაქტორმა უნდა მოახდინოს პროექტის მშენებლობა, რომელიც დაეყრდნობა წინასწარ შეთანხმებულ პროექტს (1 სტადიაზე შესრულებულ) და დასრულების შემდგომ ყველა ნაგებობამ უნდა გაიაროს ყველა სახის ტესტირება (აგრეთვე გაიწერება პირველ ეტაპზე);
ამასთან, დაახლოებით, საწყისი სამი თვის მანძილზე კონტრაქტორმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საწყის საოპერაციო პერიოდში (ექსპლუატაციაში შეყვანის შემდგომ) და ტრენინგი ჩაუტაროს ორ (დაზუსტდება მოგვიანებით) ადგილობრივ პირს, რომელიც ოპერირებას გაუწევს სადგურს. ამასთან, კონტრაქტორს ევალება სადგურის ოპერირებაში შესვლა (ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანა),“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოს შესრულების ვადა არაუგვიანეს 2020 წლის სექტემბერია.
რაც შეეხება კომპანია „პარვუს ჰიდროს“, ის რეესტრში მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული. ბოლო, 11 ივლისის ამონაწერით კი კომპანიის 50%-50%-იან წილებს მამუკა პაპუაშვილი და სულხან ზუმბურიძე ფლობენ. შეგახსენებთ, რომ ზუმბურიძე 2007 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ზუმბურიძე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელედ ითვლებოდა ქვეყანაში. მან პოსტი 2018 წლის ოქტომბერში დატოვა.