ხონის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, სწორად ჩატარებული აგროსამუშაოებისა და წამლობების შედეგად ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს წელს თხილის კარგი მოსავალი აქვთ.
სურსათის ეროვნული საგენტოს ცნობით, ფერმერებმა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აგროკონსულტანტების რეკომენდაციითა და ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინირებულად ჩაატარეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ დროულად გატარებულმა ღონისძიებებმა მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა, რაც დადებითად აისახა მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე.
ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ხონში, ქუტირსა და ივანდიდში არსებულ ვითარებას გაეცნო, სადაც საკარმიდამო ტერიტორიებზე დამონტაჟდა ფერომონიანი ბადე, რომლის მეშვეობითაც მავნებელი მოიზიდება და შემდეგ პრეპარატის შესხურებით ადგილზე ნადგურდება.
„ხონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომელთა რაოდენობა აგვისტოს დასაწყისში გაორმაგდება.
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.parosana.ge,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.