დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

დარიალის ხეობაში დამეწყრილ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები დილის ოთხი საათიდან დაიწყო. მოეწყო დამცავი დამბა, რომელმაც საავტომობილო გზაზე მდინარე თერგის შემოდინება შეაჩერა.

უწყების ცნობით, უკვე დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარეობს მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავება.

"სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკის მობილიზება გრძელდება. ამ დროისათვის ადგილზე რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, დღის განმავლობაში რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დევდორაკის ხეობაში კვლავ რჩებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და სხვა კომპეტენტური პირები. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც აკვირდებიან.

სამინისტროს ცნობით, ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება. დამეწყრილ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.