ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე, 25 ივლისის მდგომარეობით, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის 1620 ვაუჩერია გაცემული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს “ალმას“ დირექტორმა, გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა.
ტრაპაიძის ინფორმაციით, ასევე გაცემულია 555 ქიმწმენდის ვაუჩერი. რაც შეეხება განაღდებული ვაუჩერების რაოდენობას, როგორც „ალმას“ დირექტორი აცხადებს, ამ დროისთვის ღებვისა და ფირის გადაკვრის ვაუჩერი გაანაღდა მხოლოდ 753-მა მძღოლმა, ხოლო ქიმწმენდის ვაუჩერი - 295-მა.
„ცოტაა ეს თუ ბევრი, ინტერპრეტირების საშუალება არის. მეტის მოლოდინი არ მქონია, იმიტომ, რომ ამაზე პროგნოზი რაზე დაფუძნებით უნდა გამეკეთებინა? ვისაც სურვილი ჰქონდა, მოდიოდა და ვაძლევდით ვაუჩერებს“, - განაცხადა ტრაპაიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ლიცენზია თბილისში დაახლოებით, 30 ათასამდე მძღოლს აქვს აღებული. თუმცა, მოესწრება თუ არა ტაქსების გადაღებვა ან თეთრი ფერის ფირის გადაკვრა 1-ელ ოქტომბრამდე, კომპანია „ალმა“ პასუხისმგებლობას არ იღებს. როგორც კომპანიის დირექტორი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, ის მხოლოდ ღებვა-დასტიკერებისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემაზეა პასუხისმგებელი.