სამშენებლო კომპანიის იურისტი მშენებარე კორპუსში ლიფტის ჩავარდაზე - ლიფტი არ უნდა გამოყენებულიყო, ვიდრე ექსპლუატაციაში არ შევიდოდა

ბათუმში, კომპანია "გრანდ სითის" იურისტი მერაბ დიმიტრაძე მშენებარე კორპუსში დღეს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

"მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ასევე ლიფტის მონტაჟი. შესაბამის კომპანიასთან გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ლიფტს ამონტაჟებს. ფეხით არ იმოძრავეს და გამოიყენეს ეს ლიფტი. პასუხისმგებლობის საკითხს რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის პოზიცია არის და იყო, რომ ლიფტი არ უნდა გამოყენებულიყო, ვიდრე ლიფტი ექსპლუატაციაში არ შევიდოდა",- განაცხადა მერაბ დიმიტრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხდარის გამო დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს კომპანია დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბათუმში აღმაშენებლის #2 ნომერში მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.