საქართველოში კომერციული ბანკები სესხებს ძირითადად დედაქალაქში გასცემენ.
ეროვნული ბანკის 1-ლი ივლისის მონაცემებით, გაცემულ სესხებში თბილისზე 73,6% მოდის და მხოლოდ 26,4% დანარჩენ რეგიონებზე. სებ-ის სტატისტიკით, 1-ლი ივლისისთვის ბანკების მიერ როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში მთლიანად გაცემულია 28,867 მლრდ ლარი, საიდანაც თბილისში გაცემული სესხის მოცულობა 21,263 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკით ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების 62,8%, ხოლო უცხოური ვალუტით - 82% დედაქალაქზე მოდის.
2019 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ეროვნულ ვალუტაში სულ 12 557 862 000 ლარის სესხი გაიცა, აქედან 7 886 544 000 ლარი თბილისში.
დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე მეტი სესხი იმერეთში გაიცა. კერძოდ, 1 011 898 000 ლარი, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 8%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა აჭარა, ჯამში, 901 383 000 ლარის ოდეობის გაცემული სესხით, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 7,1%-ია.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამეგრელო - ზემო სვანეთში კომერციულმა ბანკებმა 599 950 000 ლარის სესხი გასცეს, გურიაში - 92 544 000 ლარის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 12 045 000 ლარის, შიდა ქართლში - 450 946 000 ლარის, მცხეთა-მთიანეთში - 38 070 000 ლარის, კახეთში - 707 201 000 ლარის, ქვემო ქართლში - 546 167 000 ლარის, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 311 114 000 ლარის.
რაც შეეხება ბანკების მიერ საქართველოს მასშტაბით უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საერთო მოცულობას, ივლისის მდგომარეობით 16 309 208 000 ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი, კერძოდ, 13 337 281 000 ლარი, თბილისზე მოდის, რაც უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების 82%-ს შეადგენს.
კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რაოდენობით შემდეგ ადგილზეა აჭარა, სადაც 1 531 317 000 ლარის სესხი გაიცა, მესამე ადგილს კი იმერეთი იკავებს. იმერეთში სულ 483 993 000 ლარის სესხია გაცემული.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 260 603 000 ლარს შეადგენს, გურიაში - 7 485 000 ლარს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 380 000 ლარს, შიდა ქართლში - 163 810 000 ლარს, მცხეთა-მთიანეთში - 3 494 000 ლარს, კახეთში - 176 017 000 ლარს, ქვემო ქართლში - 231 156 000 ლარს, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 73 671 000 ლარს.