საქართველოში ხორცი გაძვირდა, - რა პროგნოზი აქვთ ფერმერებს

საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა.

თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. უფრო ძვირი ღირს ხორცი უბნის მაღაზიებში, დაახლოებით 21 ლარი. ფერმერები ამბობენ, რომ ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ.

საქონლის ხორცის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობს ფერმერი ბექა გონაშვილი. მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ადგილობრივი წარმოების არქონა, რაც მომავალშიც ხორცზე ფასის ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი იქნება.

„აუცილებლად მოიმატებს ფასი. სექტემბერში და ოქტომბერში ფასმა წესით არ უნდა მოიმატოს იმიტომ, რომ ის სულადობები, რაც ხალხმა მთაში აიყავანა, ბუნებრივ საძოვრებზე, სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოვლენ და ამ პერიოდში შედარებით ჭარბი სულადობა იქნება, მაგრამ, ნოემბრიდან ისევ ცოცხალი საქონლის დეფიციტი იქნება ქვეყანაში და ისევ აუცილებად გაიზრდება ხორცის ფასი.

საქართველოში ძალიან მოიმატა ბოჩოლის დაკვლის მაჩვენებელმა. საქართველოდან გადის საქონლის ძალიან დაბალი წონები ექსპორტზე, მაგალითად, 120, 130, მაქსიმუმ 140 კილოგრამი. ადგილობრივი წარმოება უკვე დეფიციტში გვაქვს. არცერთი ქვეყანა არ ყიდის ამ წონის საქონელს. რელურად 250 – 300 კილოგრამზე ნაკლებს არცერთი ქვეყანა არ ყიდის.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ წარმოება არ გვაქვს ქვეყანაში, რაც ალბათ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს.

განვითარებულ და თანამედროვე ჯიშებზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გავამახვილოთ. მოვლა-შენახვის პორობებისთვის ფერმერებს განათლება სჭირდებათ. ასევე უნდა დაიგეგმოს მიზნობრივი პროექტები, რომლებიც მიზანმიმართულად იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ხელი შეეწყოს ადგილობრივი ხორცის წარმოებას“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

ცნობისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან სულ ექსპორტზე 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, აქედან 79 250 სულის ექსპორტი აზერბაიჯანში, ხოლო 47 889 სულის ექსპორტი ერაყში განხორციელდა.

ალექსანდრა ისპირიანი