გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 120 სინჯის აღება მოხდება.
შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია და სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება დიზელის საწვავის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით. დიზელის საწვავის ხარისხის შემოწმება დაიწყო.