ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ლარის გაუფასურების საგარეო შოკებითა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ახსნას “არაადეკვატურ შეფასებას“ უწოდებს.
როგორც ცომაიამ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კობა გვენეტაძე სულ მცირე არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება.
“როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ფაქტს მალავს და საინვესტიციო გარემოს გაუარესებას ლარის გაუფასურების მიზეზად არ მიიჩნევს, ეს სულ მცირე სწორი შეფასება არ არის. გამომდინარე აქედან, ძალიან რთულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ყველა მისი შემდგომი განცხადება დაიჯერო, როდესაც ის უცხოური ინვესტიციების შემცირების ფაქტორს არ ასახელებს. ის ასევე არ ასახელებს იმ ფაქტს, რომ 200 ათასს ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში შეუძლებელია და ლარის გაუფასურებას ეს ფაქტორიც იწვევს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებებში ადეკვატურია. საგარეო შოკები ყოველთვის არსებობს. ის ადრეც არსებობდა, მაგრამ ლარი ადრე ასე არ მოძრაობდა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
მისივე შეფასებით, “სრული სისულელეა“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ლარის გაუფასურების მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირება.
“ეს იმდენად აბსურდული არგუმენტია, რომ კომენტარის გაკეთაც კი უხერხულია. თუ საქმე ასე წავიდა, კურსზე ყველაფერი მოქმედებს, ცივი ქარიც კი. ასე, ლარის გაუფასურება ცოტა ხანში შეიძლება წვიმასაც და სხვა უამრავ რაღაცას დავაბრალოთ. ეს ხომ ძალიან არასერიოზულია. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სულ მიდის და პირველი ან მეორე შემთხვევა არ არის, როცა მიტინგები ტარდება. ადრე პოლიტიკური პროცესები არ მიდიოდა და რუსთაველზე საპროტესტო აქციები არ იყო?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ეს მიზეზი დავიჯეროთ, გავრილოვი საქართველოში ჩვენ ჩამოვიყვანეთ და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩვენ დავსვით?! ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურია! ლარის გაუფასურების საკითხზე მთავრობის განცხადებების შეფასება ძალზე უხერხულია, რადგან არათუ არაადეკვატურები არიან, არამედ ვიტყვი, რომ უვიცებიც არიან“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო შოკებით და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის.