მოჯადოებული წრე ქართველი მეწარმეების გარშემო

მეფრინველეობის ასოციაცია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

კვერცხი ერთ-ერთი ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტია, ამიტომ მის წარმოებასა და რეალიზაციას ნებისმიერ ქვეყანაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. 2014 წელი ამ დარგისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 265 მლნ. ცალი კვერცხია წარმოებული, რაც 7 მილიონით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო მეორე კვარტალში კვერცხის წარმოებამ 144,6 მლნ. ცალს მიაღწია, რაც თითქმის 10%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე, ზურაბ უჩუმბეგაშვილიც აღიარებს, რომ ამ სფეროში წინსვლის ტენდენცია მართლაც შეინიშნება, თუმცა კვერცხის წარმოებაში ბევრი სხვა გადაულახავი პრობლემა არსებობს.

ზურაბ უჩუმბეგაშვილი: ”საქართველოში კვერცხი ძირითადად შემოდის მოლდავადან, უკრაინიდან და თურქეთიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტირებული კვერცხი არაფრით სჯობს ქართული წარმოების კვერცხს.ზოგადად კვერცხის წარმოება ძალიან სპეციფიკური სფეროა: ვერცერთი ქვეყანა ვერ აწარმოებს იმ რაოდენობის პროდუქციას, რამდენიც სჭირდება ადგილობრივ ბაზარს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამიტომ ხან პროდუქციის დეფიციტი შეინიშნება, ხანაც პრეფიციტი. ამის გამო, კვერცხის იმპორტი ჩვეულებრივი ამბავია საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, უბრალოდ ქართველ მეწარმეებს არა აქვთ საშუალება, რომ თავისი პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც გაიტანონ. თითქოს მოჯადოებულ წრეში ვართ ჩაკეტილი და მას ვერ ვშორდებით.

- რით შეიძლება აიხსნას ეს ვითარება?

- საქმე ის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამ საქმით დაკავებულ მეწარმეებს დაეხმარება და ხელს შეუწყობს. სამაგიეროდ, არის ძალიან ბევრი ფიტოსანიტარული და ვეტერინარული შეზღუდვა, რომელიც ხელ-ფეხს გვიბორკავს. ძალიანაც რომ მოვინდომოთ ქართული კვერცხის რომელიმე ქვეყანაში გატანა, ვერსად ვერ შევიტანთ. სამაგიეროდ, ჩვენ აბსოლუტურად დაუცველნი ვართ - ქართული კანონმდებლობით და მარტივი პროცედურების გავლით, ყველა ახერხებს თავისი ჭარბი ნაწარმი აქ შემოიტანოს. ქართველ მეწარმეებს კი ამაზე ფიქრიც არ შეუძლიათ. ჩვენც გვაქვს ნაშთები და ჩვენც გვინდა საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ: ევროკავშირის ქვეყნებში კანონმდებლობის გამო ვერ შევდივართ, თურქეთმა გადასახადები დაგვიწესა არა მარტო კვერცხზე, არამედ ზოგადად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე , სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრებს საკმაოდ მკაცრად აკონტროლებენ, უკრაინას აკრედიტაციის კანონი აქვს მიღებული... ერთი სიტყვით, ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული და ეს მაშინ, როცა იმაზე მეტ კვერცხს ვაწარმოებთ, ვიდრე გვჭირდება. ექსპორტის საშუალებაც გვაქვს და ნებისმიერ ქვეყანაში კონკურენტუანარიანები ვიქნებით, როგორც ხარისხით, ასევე - ფასით.

- გამოდის, ადგილობრივ მეწარმეებს შეუძლიათ ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნა ამ პროდუქტზე სრულიად დააკმაყოფილონ?

- ქვეყანაში 23 ბრენდირებული ფაბრიკა მუშაობს. მცირე ფერმერულ მეურნეობებს აღარ ვითვლი, რომლებიც ასევე დიდი რაოდენობით გვაქვს. უცხოეთიდან შემოტანილი კვერცხი არ გვჭირდება, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაც შეგვიძლია და პროდუქციის ესპორტზე გატანაც. რამდენიმე დღეში მორიგი შეხვედრა გვაქვს ეკონომიკის სამინისტროში, სადაც განიხილება კანონპორექტი საზღვრის დაცვის შესახებ. ეს არის შვეიცარიელი ექსპერტების მიერ რეკომენდირებული კანონპროექტი, რომელმაც ქართველ მეწარმეთა უფლებები უნდა დაიცვას, მაგრამ ორი წლის განმავლობაში თაროზე უდევთ და მისთვის ვერავინ მოიცალა. აქამდე ცხრაჯერ უნდა იყოს დამტკიცებული, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. ამის გამო ჩვენ მთავრობას უმოქმედობაში ვადანაშაულებთ და კანონპროექტის დროულად განხილვასა და დამტკიცებას მოვითხოვთ. ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ აქტიურობას და მოვითხოვთ, რომ აღნიშნული კანონის მიღება დააჩქარონ. მიუღწეველს რას ვითხოვთ? -თუ მაგალითად, თურქეთი გადასახადს უწესებს ქართველ მეწარმეებს, მაშინ იგივე გადასახადი დაუწესონ თურქებსაც, რომ ქართველი და თურქი მეწარმე ერთნაირ პირობებში აღმოჩნდნენ. წარმოიდგინეთ, თურქეთში კვერცხი რომ შევიტანოთ, გადასახადების მოცულობა 108%-მდე ადის.

- დაწვრილებით აგვიხსენით რატომ გიმძიმდებათა ასე საგადასახადო ტვირთი?

- გადასახადები, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადი თუ სხვა ტიპის მოსაკრებლები - ყველაფერი ერთად 108%-მდე ადის. დავუშვათ, თუ ერთი ყუთი კვერცხის ღირებულება 100 დოლარია, ჩვენ 108 დოლარი გვიჯდება მისი თურქეთის ტერიტორიაზე შეტანა. ბუნებრივია, ამის გამო ეს ჩვენთვის წამგებიანი ბიზნესია და იქ ჩვენი მეწარმე ვეღარ შედის. საქართველოში კი იმპორტიორისთვის საგადასახადო ტვირთი მხოლოდ 12%-ია. ვფიქრობ სურათი სავსებით ნათელია - სად 108% და სად 12 %? ქართული წარმოების კვერცხს უკრაინაშიც ვერ შეიტან, თუ სპეციალური აკრედიტაცია არ გაიარე. სხვა ქვეყნებსაც საკმაოდ მკაცრი რეგულაციები აქვთ დაწესებული. ყველა ქვეყანა საკუთარი კანონმდებლობით იცავს თავის ბაზარს, მარტო ჩვენ ვართ დაუცველი.

- თუმცა, ამ პრობლემების მიუხედავად, კვერცხის წარმოება წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.

- გაიზარდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთს რას ვადარებთ: წარმოება გაიზარდა შარშანდელთან შედარებით, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს კვერცხის წარმოება წინა წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა. გამოდის, რომ 2012 წელთან შედარებით, კვერცხის წარმოება საქართველოში 16 %-ით შემცირდა, რაც სულაც არ არის სახარბიელო მაჩვენებელი. მართალია, კვერცხის წარმოებას იაფი სესხების პროგრამამაც შეუწყო ხელი, ამავე დროს, თურქეთში კვერცხი ძალიან გაძვირდა, უკრაინელი იმპორტიორებისთვისაც აღარ არის ხელსაყრელი მდგომარეობა- ამ და სხვა ფაქტორების გამო წელს ჩვენთან წარმოება მართლა გაიზარდა, მაგრამ თუ 2012 წლის მონაცემებს შევადარებთ, არანაირ ზრდაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე