ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება, რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. მთავრობაში ვმუშაობდი და წვდომა მაქვს, მე თუ ვერ გავიგე რას ედავებიან ამ ხალხს, ჩვეულებრივმა საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს, ეს მე არ მესმის,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
გიორგი ქობულიას თქმით, ხელისუფლებამ და პროკურატურამ უნდა ახსნას მარტივ ენაზე, თუ რას ედავებიან ორ წარმატებულ ბიზნესმენს.
"მე მგონია, რომ ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, კეთილი უნდა ინებოს და პოპულარულ ენაზე აუხსნას საზოგადოებას რას ედავებიან ამ ორ მოწინავე ბიზნესმენს. რა ფულის გათეთრებას და რის გათეთრებას ედავებიან. ჯერ ერთი, ეს არის ძალიან რთული ტერმინი და რა იგულისხმება ამ ტერმინში, იურიდიული თვალსაზრისითაც ძალიან უჭირთ, რომ ახსნან ექსპერტებმა. ის, რაც აღწერილი არის ამ ტრანზაქციაში, მე ვერანაირად ვერ დავაკავშირე ფულის გათეთრებასთან",-აცხადებს ყოფილი მინისტრი.