საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, წლევანდელი ზაფხული საკმაოდ გრილი კი გვაქვს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით იგი საკმაოდ ცხელიც აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა პოლიტიკაში უამრავი აქტუალური თემაა, საზოგადოების უმეტესობისთვის ყველაზე აქტუალური გაუფასიურებული ლარის მდგომარეობაა. ხელისუფლება ლარის გაუფასიურებას რუსთაველზე ოპოზიციის აქციებს უკავშირებდა. ექსპერტთა ნაწილი კი ლარის გაუფასიურებას ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტ გვენეტაძეს აბრალებს.
ბიზნესმენები ეროვნული ბანკის პორეზიდენტის გადადგომას იმის გამო ითხოვენ, რომ მას არანაირი რესურსი არ აქვს დასახოს გეგმა უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამოსასწორებლად. ამ თემაზე უამრავი ნაკლებად დამაჯერებელი აზრი კი გამოითქვა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ - თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ლარის გაუფასიურებას თავად ეროვნული ბანკი უწყობს ხელს?
- ამაში ეჭვი აბსოლუტურად არ მეპარება. როგორ შეიძლება, მაგალითად, ლარის გაუფასურება რუსთაველზე აქციებს დავუკავშიროთ, როცა, თავის დროზე, ლარმა 1998 წელს რუსეთში დეფოლტსა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომსაც გაუძლო. ლარის პერიპეტიებს ვერც საგარეო ფაქტორებს დავუკავშირებთ - აზერბაიჯანსა და სომხეთში გაცვლითი კურსი აბსოლუტურად სტაბილურია.
აქედან გამომდინარე, ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთოდ არ იცის თავისი საქმე, რისი არ მჯერა, ან კიდევ ლარის გაუფასურება მიზანმიმართულად ხორციელდება. ამაში, ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 30 ავისტოს გაკეთებულმა კომენტარებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა.
ღიმილის მომგვრელი იყო ბატონი გვენეტაძის განცხადების პირველი ნაწილი, რომ ლარის გაუფასურება უცხოელი ტურისტების შემცირებული ნაკადის ბრალია. მეორე ნაწილი კი შემაშფოთებელი იყო. მან ბრძანა, რომ ეროვნული ბანკი დააკვირდება მოვლენათა განვითარებას და ფინანსურ ინსტრუმენტებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.
ლოგიკურია კითხვა - რა ნიშნულამდე უნდა დავარდეს ლარი, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელოს ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენოს?
დავფიქრდეთ, ვისთვისაა სახარბიელო სუსტი ლარის ფინანსური პოლიტიკა? ეს, ექსპორტიორებსა და, პირველ რიგში, ევროპული სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს აძლევს ხელს. იმპორტიორებისთვის და მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ეს დამღუპველია, ვინაიდან ფართო მოხმარების პროდუქციას აძვირებს. ეს პროდუქცია ხომ მთლიანად იმპორტირებულია, ჩვენ კი ჩვენი წარმოება არ გაგვაჩნია.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია, რომელიც მთლიანად ეროვნულ ბანკს გვერდში უდგას. ამ ორგანიზაციისთვის კი საქართველო ერთი უმნიშვნელო წერტილია მსოფლიო საფინანსო-საკრედიტო რუკაზე და ისინი, ძირითადად, ძლიერი აშშ დოლარის აპოლოგეტები არიან.
ამიტომ, ჩემთვის გასაგებია ბიზნესმენთა მოთხოვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე. ეროვნულმა ბანკმა ეროვნული პოლიტიკა უნდა გაატაროს და არ იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტივების უსიტყვო განმხორციელებელი.
რამდენჯერ მითქვამს, რომ მოგვენატრებოდა ბატონი ირაკლი მანაგაძის ეპოქა...
- ვიდრე შიდა პოლიტიკაში საკმაოდ რთულ პროცესებს შევეხებოდეთ, მინდა ჩვენი საუბარი ისეთი თემით გავაგრძელოთ, რომელიც შიდა პოლიტიკასაც ეხება და საგარეო პოლიტიკასაც და საკმაოდ მნიშვნელოვანია.
საქართველოში 27 ივლისს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 მეცხრედ დაიწყო, რომელიც 9 აგვისტომდე გასტანს. სწავლებაში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
აშკარად სიმბოლურია, რომ ეს სწავლებები 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავებს ემთხვეოდა. გამონაკლისი არც წლევანდელი სწავლებებია. ვიცით, რომ ნატოს სტრუქტურებთან საქართველოს მეტ ინტეგრაციაზე მოსკოვი უკმაყოფილოდ რეაგირებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ტიპის სწავლებების საქართველოში ტრადიციულად ჩატარების პრაქტიკას?
- მე სამხედრო საქმეში გაცნობიერებული საერთოდ არ ვარ, ამიტომ ჩემი მოსაზრება ძალიან ზოგადი და დილეტანტურია. ფორმალურად, სწავლება არის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავების მეთოდიკა და, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში სინქრონული ქმედებების ტრეინინგი.
გასაგებია, რომ, ისევ ფორმალურად, ასეთი სწავლებები ზაფხულის პერიოდში ტარდება. მაგალითისთვის აიღეთ თუნდაც რუსულ-ირანული სამხედრო-საზღვაო სწავლებები, რომლებიც შესაძლებელია ახლო მომავლაში ჩატარდეს.
ეხლა კითხვა სხვაგვარად დავსვათ - აქვს თუ არა ჩვენში მიმდინარე სწავლებებს პოლიტიკური შემადგენელი? პასუხი ნათელია, რასაკვირველია, აქვს და ეს მართლაც გზავნილია რუსეთისთვის.
- სწავლებებში მონაწილეობას პირველად იღებს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს მთელი შავი ზღვის აკვატორია.
„ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ და ალიანსი მხარს უჭერს რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა.
დამკვირვებელთა ნაწილს შეუმჩნეველი არ დარჩენია ის, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წვრთნების გახსნას არ დასწრებია. მაშინ როცა მისი წინამორბედი ამ ტიპის სწავლებებს სულ ესწერებოდა.
იმ ვითარებაში, როცა თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ცვლილებები ხდება, ფაქტია, რომ ამ სწავლებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ წვრთნების გახსნას პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი არ დასწრებია?
- ქალბატონი სალომეს ურთიერთობა აშშ-სთან საკმაოდ სპეციფიურია და მე მის პასიურობას სწორედ ამ გარემოებას ვუკავშირებ.
- როცა ვთქვი, რომ წლევანდელი გრილი ზაფხული პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა, მხედველობაში მქონდა 20 ივნისის მოვლენები, ოპოზიციის ლიდერების დაკავება 20 ივნისის მოვლენების ორგანიზების გამო, „რუსთავი-2“-თან დაკავშირების სტრასბურგის გადაწვეტილების მიუხედავად ტელეკომპანიის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით აბსურდული ვითარება.
შემდეგ კი, ჯერ ოქრუაშვილის დაკავება და ბოლოს ხაზარაძე-ჯაფარიძისათვის პროკურატურის მიერ ჯერ ბრალის წაყენება, შემდეგ მათ მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან გამოსვლა.
პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ შიდა პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ვითარება ფეთქებადსაშიშია“.
ვიდრე ჩვენ ყველა ამ თემაზე საუბარს შევეცდებით, თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს თუ პროცესების ერთობლიობას?
- მართალია, ყველა ამ მოვლენათა ერთობლიობამ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა, მაგრამ მათი გამომწვევი მიზეზები აბსოლუტურად განსხვავებულია.
დავიწყოთ „რუსთავი-2“-ით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვერც ქვეყანაში განვითარებული პროცესები, ვერც ხელისუფლების ან ოპოზიციის აქტივობა გავლენას ვერ მოახდენდა.
სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ბატონ ქიბარ ხალვაშის სარჩელი სამართლიანი იყო. ხელისუფლებას გონია, რომ ამით პრობლემა ამოწურულია, მაგრამ, ეს ასე ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ ღრმად შესასწავლია, რატომ?
ხელშეკრულებაზე ქიბარ ხალვაშთან მხოლოდ აწ განსვენებული ბატონ ეროსი კიწმარიშვილის ხელმოწერაა და რა მეთოდებით აიძულეს დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე უარი ეთქვათ მათ პირმშოზე ჯერაც დაუდგენელია. ადრეც მითქვამს, რომ
„რუსთავი-2“ის პრობლემის საბოლოო მოგვარებას ჩვენ მრავალი წელი გვაშორებს, ქიბარ ხალვაშის ინიციატივით დაწყებულ მოლაპარაკებებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან მე პესიმისტურად ვუყურებ.
20 ივნისის შემდგომ განვითარებულ სახალხო მოძრაობას მე ორ ნაწილად გავყოფდი. 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის მცდელობა ნამდვილად იყო. არ ვიცი, იყო თუ არა ეს გადატრიალების საერთო სურვილი, ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსის სურვილი ეს ნამდვილად იყო, მაგრამ ტექნოლოგიურად ეს მცდელობა „ვარდების რევოლუციის“ მეთოდებს ნამდვილად ჰგავდა.
21 ივნისის შემდეგ დემონსტრაციების მართვის სადავეები სამოქალაქო საზოგადოებამ აიღო. მათი მოთხოვნები არაექსტრემისტული და ლოგიკურია - უნდა გადადგეს ადამიანი, რომლის, მე ვიტყოდი, დაუდევრობით თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ და მრავალმა სხვამ, მათ შორის ჟურნალისტებმა, საკმაოდ მძიმე ტრავმები მიიღეს.
„კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ორ ინტერვიუში მე ცალსახად განვაცხადე, რომ ბატონი გახარიას ადგილზე მე დიდი ხანია გადამდგარი ვიქნებოდი. პოლიტიკურად „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მომგებიანი მთელი მთავრობის გადაყენება იქნებოდა, მაგრამ პარტია ამას არ აკეთებს და დღითი დღე რეიტინგს კარგავს.
მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მაპატიოს ბატონმა ბადრიმ, მაგრამ იგი ამ შემთხვევაში მთავარი ფიგურა ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, საერთაშორისო კონფლიქტია, რომელსაც ძალზე გამარტივებულად სტრატეგიული და კომერციული ინტერესების კონფლიქტი შეგვიძლია დავარქვათ.
რამდენიმე თვის წინ, ისევ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მე ვთქვი, რომ მამუკა ხაზარაძე დარჩებოდა აქტიური საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე. ფაქტი სახეზეა - საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი პროცესს „აკვირდება“.
ასე რომ, მართალია ბატონი ვაჟა ბერიძე - სიტუაცია მართლაც ფეთქებადსაშია, მაგრამ იმედია, ასაფეთქებელ მასალას კამიკაძეები ცეცხლს არ წაუკიდებენ.
- რამაზ საყვარელიძის მტკიცებით, „მმართველი პარტია სტრესშია“, გია ხუხაშვილი თვლის, რომ „ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა და „მაგარი ბიჭობანას“ თამაში დაიწყო, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ივანიშვილი და მმართველი გუნდი ახდენს ოპოზიციური ველის და საინფორმაციო სივრცის მოსუფთავებას. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის თქმით, ახლა იმ ვითარებაში ვართ, როცა „არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას ბევრი არაფერი დაეჯერება“. მეტიც, ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ „ოცნება“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ნაცმოძრაობას“.
რადგან პასუხიმგებლობა მმართველ გუნდზეა, მას უწევს პასუხგაუცემელ კითხვებზე დამაჯერებლი პასუხის გაცემა. რაც ჯერ არ ჩანს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება პროკურატურის მტკიცება, რომ 20 ივნისს გადატრიალება მზადდებოდა?
- ვფიქრობ, ამ კითხვაზე ნაწილობრივ უკვე გიპასუხეთ. მაგრამ ბატონების, რამაზის, გიას, ვაჟას სიტყვებს ჩემი მოსაზრებაც მინდა დავუმატო - ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი „აკვირდებიან მოვლენებს“ და ტაქტიკურად აქედან გამომდინარე იმოქმედებენ.
- თუ პროკურატურას ამის დამადასტურებელი მასალები აქვს მათი გასაჯაროება რატომ არ ხდება? იმიტომ ხომ არა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ ბრალის წაყენება კიევში მყოფი სააკაშვილისთვის მოუწევთ, რომლის ექსტრადირება ხელისუფლების ინტერესებში სულაც არ უნდა იყოს?
- ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუნდაც ის, რომ არც ერთ ქვეყანაში იმ მასალების გასაჯაროება არასდროს ხდება, რომელიც ბოლომდე გამოძიებული არ არის.
პირიქით, მე მიამიტურად განცვიფრებული კი ვარ, რომ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოგონილ ტექნოლოგიას მისდევს და ჯერ კიდევ ექსპერტიზა გაუვლელ ვიდეო მასალას აცნობს მოსახლეობას. ეს არაპროფესიულია.
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება კი კანონით აკრძალულია - ის უკვე უკრაინის მოქალაქეა.
- ოქრუაშვილის დაკავებას ოპოზიცია პოლიტიკოსთა დევნად აფასებს. გია ხუხაშვილმის თქმით, ოქრუაშვილი დაკავებაში სკანდალური ისაა, რომ იგი მას შემდეგ დააკავეს მეორე დღესვე, რაც ხალვაში სამხარაულის ბიუროში მივიდა. თქვენი დაკვირვებით ოქრუაშვილის დაკავება უფრო 20 ივნისის საქმეს უკავშირდება თუ „რუსთავი-2“-ის საქმეს?
- ჯერ გავერკვეთ, ვინ არის პოლიტიკოსი, პოლიტიკური დევნა ხომ მხოლოდ პოლიტიკოსის წიანააღმდეგაა შესაძლებელი. ჩვენ გავცვითეთ სიტყვების მუხტი და დედააზრი და კლიშეებს მივდევთ - ნებისმიერ ჩხუბში, თუნდ პარლამენტის წინ, თუნდ სამცხე-ჯავახეთში პირის მხილება და დაკავება - ეს პოლიტიკური დევნაა, რახან ამ ათიოდე წლის წინ მან „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა?
ბატონი გიას მოსაზრებას ჩვენ სხვა თვალითაც შეგვიძლია შევხედოთ - ხომ არ გრძნობდა ირაკლი ოქრუაშვილი, რომ მის დაკავებას აპირებდნენ და ხომ არ წამოიწყო მან განზრახვით „რუსთავი-2“-ის ირგვლივ საკმაოდ საეჭვო კამპანია? ასე, რომ მოსაზრება ბევრი შეიძლება გამოითქვას, მოდით, ფაქტები გავაანალიზოთ.
- თქვენ როგორ შეაფასებდით „რუსთავი-2“-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ამ ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს? მხედველობაში აქვს ის, რომ ახლა მის მფლობელობაზე პრეტენზიებს აცხადებენ დვალი და აქიმიძე, უკვე დაკავებული ოქრუაშვილი და სხვები...
- სტრასბურგის სასამართლო არჩევს მხოლოდ უკვე ეროვნულ სასამართლოში განხილულ საქმეებს.
შეიძლება დადგეს სიტუაცია, როცა სტრასბურგის სასამართლო ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ დავით დვალისა და ჯარჟი აქიმიძის სარჩელსაც განიხილავს.
ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიები „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით სერიოზულად არ მიმაჩნია.
- ანაკლიის ღმარწყლოვან პორტის პროექტის ხელმძღვანელობიდან წამივიდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე, თუმცა ისინი მის აქციონერებად რჩებიან. მათ გადადგომამდე პოლიტილოგმა ვაჟა ბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ივანიშვილი დათანხმდება ანაკლიის პორტის აშენებაზე ამერიკულ მოთხოვნებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის კონსორციუმში არ იქნებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ვერანაირი რუსული და პუტინის ფაქტორი ამერიკელების ნებას ვერ გადასძალავს. ამერიკელების გარეშე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არაფერი მოხდება."
ახლა როცა ხაზარაძე-ჯაფარიძე ანაკლიის პროექტის ხელმძღვანელობაში აღარ არიან, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ამერიკელების მონაწილეობით ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, მხარეები მასზე მოსკოვის სასარგებლოდ უარს არ იტყვიან?
- ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, აშშ შეიძლება კუს ნაბიჯებით, მაგრამ უკანმოუხედავად მიდის წინ და ყოველთვის თავის სტრატეგიულ მიზნებს ხორცს ასხამს.
მეტიც, აშშ-ს საბჭოთა კავშირის ეშინოდათ, რუსეთის მათ არ ეშინიათ.
- თუ საშინაო პოლიტიკის დღევანდელ დღის წესრიგს დავუბრუნდებით, იმ მოვლენების ფონზე, რაც ჩვენში ხდება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები შიდა პოლიტიკაში?
- ჩვენ საარჩევნო პერიოდში შევდივართ. ამიტომ, თუკი მმართველი გუნდი საზოგადოების მოთხოვნებს ადექვატურ პასუხებს არ გასცემს, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.
„ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი