ტაქსებისთვის ვაუჩერების გაცემა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს დასრულდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უფასოდ გაიცემა ორი ტიპის ვაუჩერი, რომელთაგან ერთი მანქანის გადასაღებად ან ფირის გადასაკრავად არის, მეორე კი - ქიმწმენდისთვის.
„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მიმდინარეობს ვაუჩერების გაცემა, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის 10 აგვისტოს. ეს ვაუჩერები არის ორი ტიპის. ერთი არის იმისთვის, რომ ავტომობილები გადაღებონ ან ფირი გადააკრან, ხოლო მეორე კი იმისთვის, რომ ავტომობილის სალონს ქიმწმენდა ჩაუტარონ. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ქიმწმენდის ვაუჩერიც არის უფასო. ლიცენზიის მქონე, განსაკუთრებით A კატეგორიის მძღოლებს მინდა მივმართო, ისარგებლონ ამ ვაუჩერით. შეგიძლიათ taxi.tbilisi.gov.ge-ზე გაეცნოთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად შეგიძლიათ მიიღოთ ეს ვაუჩერები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.