„დიზელის საწვავის ევრო 5 სტანდარტის 2020 წლიდან შემოღების შემთხვევაში, საწვავი აზერბაიჯანიდან ვეღარ შემოვა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ განუცხადა.
ცნობისთვის, დარგის სპეციალისტები დღეს შეხვედრას მართავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია დიზელის საწვავის ევრო 5 სტანდარტის 2020 წლიდან შემოღება.
„შეხვედრა მიზნად ისახავს, მსჯელობას იმაზე - ხომ არ იქნება უკეთესი ეს ყველაფერი 2021 წლიდან მოხდეს. საქართველოს ავტოპარკი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ამ ცვლილებამ რამე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ეკოლოგიური თვალსაზრისით. შესაბამისად, შედეგად მივიღებთ, რომ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ფაქტობრივად, ერთი წლით ბიზნესის მნიშვნელოვანი წილის გარეშე რჩება. აღსანიშნავია, რომ ახლა ევრო 4 სტანდარტის საწვავის იმპორტი აზერბაიჯანიდან ხორციელდება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტი ევრო 5-მდე აიწევს, მისი აზერბაიჯანიდან შემოტანა მინიმუმ 2021 წლამდე ვერ მოხერხდება. აზერბაიჯანის სავარაუდო ჩამნაცვლებელი კი ალბათ, რუსეთი და შეიძლება თურქმენეთიც იყოს. თუმცა, 2021 წლამდე გადავადების შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ მოესწრება აზერბაიჯანში გადამამუშავებელი ქარხნის გაუმჯობესება იმ დონემდე, რომ ევრო 5 სტანდარტის დიზელის მიწოდება მოვახერხოთ,“-აღნიშნა გიორგაძემ.