რა გახსენდებათ „შერატონ მეტეხი პალასზე?“ - თუკი ამ კითხვას იმ ადამიანებს დაუსვამთ, ვისაც 90-იანების თბილისი კარგად ახსოვთ, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ შუშის ლიფტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კაშკაშა მოგონება, რომლით მგზავრობაც ყველას ოცნება იყო.
90-იანების თაობას კიდევ ბევრი რამით გვახსენდება სასტუმრო, რომელიც მაშინდელ თბილისში ერთადერთი იყო, სადაც ამერიკულ ფილმებში ნანახი ამბები რეალურად ხდებოდა: აქ ჩამოდიოდნენ იმდროინდელი ოფიციალური პირები, ვარსკვლავები, რომლებიც ჩაბნელებულ თბილისში კონცერტებს მართავდნენ; აქ იყო პირველი კლუბიც, სადაც დახურული ივენთები ტარდებოდა; აქ იყო პირველი შუშებიანი ლიფტი, რომელიც ნებისმიერ თბილისელს ახსოვს, ვინც კი ერთხელ მაინც მომხვდარა შერატონის ვრცელ ფოიეში. „შერატონში“ მაშინდელი ეგზოტიკური კერძის, ლაზანიას გასინჯვაც კი შეიძლებოდა. პირველი ფიტნეს-ცენტრიც სწორედ შერატონში გაიხსნა, საიდანაც დილის გადაცემა „ალიონში“ „დილის აერობიკა“ გადიოდა.
„შერატონს“ უკავშირდება 90-იანების თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ურბანული ლეგენდაც, რომლის მიხედვით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა და ვარსკვლავმა, დევიდ ბექჰემმა თავისი მომავალი ცოლი, სფაის გერლზის წევრი, ვიქტორია ადამსი სწორედ თბილისში ვიზიტისას, ტელევიზორში ნახა და გულში ჩაუვარდა.
ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ იყო - შერატონის საერთაშორისო ბრენდმა პირველად გარისკა და 90-იანი წლების, სამოქალაქო ომგამოვლილ თბილისში ამიერკავკასიაში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა. შედეგად, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პირველად მოინიშნა. რა თქმა უნდა, ბრენდმა გარისკა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შექმნილი ტურისტული ვაკუუმი სწორედ შერატონმა გაარღვია პირველმა, როცა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროთი თბილისში შემოვიდა.
და ეს არ იყო მხოლოდ სასტუმრო. ეს იყო თავშეყრის ერთადერთი ადგილი, სადაც იმდროინდელ თბილისში სინათლე, თბილი წყალი, უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება ხვდებოდათ ადამიანებს; ეს იყო კულტურული ცენტრი, რადგან არ არსებობდა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მაშინ შერატონში არ ჩატარებულა; საქართველოში იმ პერიოდში უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, კომპანია და საელჩო შემოვიდა. აშშ-ს საელჩოს ნაწილი, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების ოფისები, მიცუბიშის ოფისი სწორედ აქ იყო გახსნილი; პირველად სწორედ აქ გაიხსნა Turkish Airlines-ის გაყიდვების დესკიც; თბილისის ჯაზ-ფესტივალის პირველი სტუმრებიც სწორედ აქ განათავსეს, რაღა თქმა უნდა, თვით ლეგენდარულ რეი ჩარლზსაც სწორედ შერატონი მასპინძლობდა. აქ ტარდებოდა ყველა ფეშენშოუ და უბრალოდ, ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან ეს იყო პირველი ადგილი იმ დროს, სადაც სინათლე ენთო და მათ უსაფრთხოების, დაცულობის და კომფორტის შეგრძნება ჰქონდათ.
შერატონ თბილისი მეტეხი პალასი ბაზარზე 6-7 წლის მანძილზე უკონკურენტო იყო. აქ მომუშავე ადამიანები პირველები იყვნენ მაშინდელ თბილისში, ვისაც დროულად ჩარიცხულ ხელფასთან ერთად ჰქონდათ ღირსეული სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, გადამზადების და დაწინაურების პერსპექტივა, საჩუქრები. შერატონმა წლების მანძილზე გამოწვრთნა სასტუმრო ინდუსტრიისთვის საუკეთესო კადრები.
1991 წლიდან მოყოლებული, 2014 წლის დეკემბრამდე ალბათ არ დარჩენილა ჟურნალისტი, ქართველი თუ უცხოელი, ვისაც „შერატონის“ ფოიეში არ უმუშავია. მისი უსაფრთხო გარემო წლების განმავლობაში საუკეთესო ადგილი იყო ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეხვედრებისა და მასშტაბური კონფერენციებისთვის.
თავშეყრის ყველაზე მასშტაბური ადგილი მსოფლიოში - ამ კონცეფციას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი რეკონსტრუქციამდეც ამართლებდა და ახლაც ამართლებს. ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცე განახლებულ სასტუმროში 2000კვ. მეტრს აღწევს, ეს კი ზუსტად ეხმიანება საერთაშორისო ბრენდის მიზანს.
განახლებული სასტუმრო 140-ის ნაცვლად 220 ნომერია, საიდანაც ძველი თბილისის პანორამა იშლება. მრავალფეროვანი, უნიკალური და ჯანსაღი სამზარეულო, ღვინის ბიბლიოთეკა, სადაც 1600 სახეობის, მათ შორის, ქართველი მევენახეების ღვინოა წარმოდგენილი, ლობი ლაუნჯი, რესტორნები და დიდებული ტერასები - მდიდარი ისტორიის გარდა, სწორედ ამით ამაყობს დღეს განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი.
აქ 1500 კვ. მეტრზეა განთავსებული გამაჯანსაღებელი სპა და ფიტნესცენტრები, უახლესი კარდიო და ძალისმიერი ტრენაჟორებით, სამასაჟე და სარელაქსაციო ოთახებით თუ ღია და დახურული აუზებით.
სწორედ ასე დაიწყო ახალი, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიის წერაც - 2019 წლის 1-ლი მარტიდან განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი კვლავ ნიშნავს საქართველოს, უკვე დამოუკიდებელ და ამჯერად კარგად ცნობილ ქვეყანას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.