„რთულად მიღწევადი ჩანს, რომ კონსორციუმი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას და 2020 წლის იანვარში მშენებლობის დაწყებას შეძლებს"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევა მშენებლობის და პირველი გემის მიღების ვადებზე არ აისახება.

“ამის დასტურია კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი ბოლო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, პორტის მშენებლობის დასრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2020 წლის ნაცვლად, 2022 წლის ივნისამდე გადაიწევს.

სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის მიუხედავად, ინვესტორმა ამ დრომდე ვერ შეძლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობის მიღება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ 400 მილიონი დოლარის სესხის გაცემაზე და ვერც 120 მილიონი დოლარის საკუთარი კაპიტალის შევსება.

მთავრობის მხარდაჭერის დასტურია ისიც, რომ პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად ხელშეკრულებით დათქმული დრო რამდენჯერმე გადავადდა და ამჯერად, კონსორციუმმა ეს ვალდებულება 2019 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, რთულად მიღწევადი ჩანს, რომ კონსორციუმი შეძლებს პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას და 2020 წლის იანვარში მშენებლობის დაწყებას“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.