ვასო ურუშაძე საწვავის ბაზარზე რუსეთის წილის ზრდას პროგნოზირებს

ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე წინასწარი კვლევა, თუ რა შედეგები შეიძლება მოგვცეს გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით დიზელის საწვავზე ევრო 5-ის სტანდარტის შემოტანამ, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ჰაბ-ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ვასო ურუშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ეკოლოგიურ მიზნებს არის ამოფარებული სხვა დაინტერესებები და ეს დაინტერესება უკავშირდება საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრის ახალ გადანაწილებას.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევრო 4 დიზელის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი არის აზერბაიჯანი. მისი წარმომადგენელი საქართველოში არის „სოკარ ჯორჯია“ და ის ამ რეგულაციის შემოღებით ერთი წლით ბაზრიდან ამოვარდება. ეს ერთი წელი იქნება შესაძლებლობა სხვა კომპანიებისთვის, რომ აზერბაიჯანის 40% -იანი წილი დაიკავონ. და ესენი იქნებიან რუსული კომპანიები, რადგან ყველაზე კონკურენტუნარიანები ფასიდან გამომდინარე სწორედ რუსული კომპანიები არიან.

ეს გამოიწვევს უფრო მეტ დამოკიდებილებას რუსეთის ბაზარზე. უფრო მეტი ბერკეტი ექნება რუსეთს, რომ ჩვენს ეკონომიკაზე მოახდინოს უარყოფითი გავლენა. ჩვენ პარტნიორთან აზერბაიჯანთან მოხდება წყვეტა იმ ურთიერთობის, რომელიც წლებია გვაკავშირებს, რაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი.

თუ დღეს რუსეთის წილი 11%-ია, ეს შეიძლება 60%-მდე გაიზარდოს, 60% არის უკვე ის წილი, რაც მონოპოლიის საფუძველია. ამით ჩვენ საფუძველს მივცემთ რუსეთს, რომ უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს საქართველოზე“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ავტორი ალექსანდრა ისპირიანი