გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში გზა დაახლოებით ორ კვირაში აღდგება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში გზა დაახლოებით ორ კვირაში აღდგება.

როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, ეფექტურად და სწრაფად მოხდება როგორც გზის, ასევე გაზგამყვანი მილის აღდგენა.

"მაისში ბევრად უფრო დიდი დაგუბება და ბევრად უფრო მეტი მასა იყო ჩამოწოლილი. ძალიან სწრაფად, 3 კვირაში მოხერხდა გზის აღდგენა. ჩვენმა უწყებებმა როგორც მითხრეს, ახლაც ასევე სწრაფად, ორ კვირაში მოხდება გზის აღდგენა. მაისში ასევე ეფექტურად მოხდა გაზგამყვანი მილის აღდგენაც, რომელიც ამარაგებს სომხეთს და გვემსახურება ჩვენც. ახლაც სწრაფად მოხდება ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სომეხმა პარტნიორებმა დანამდვილებით იციან, რომ ინფრასტრუქტურის აღდგენა პრიორიტეტულია.