ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდება 2-3 დღეში აღდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდება 2-3 დღეში აღდგება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ერევანში, თავის სომეხ კოლეგასთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის წუხელ დარიალის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა მეწყერის ჩამოწოლის საკითხი. ეს ამ წელს უკვე მეორედ დაფიქსირდა. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ სულ რაღაც 2-3 დღეში აღდგეს გაზის მოწოდება, ვინაიდან კიდევ დაფიქსირდა გაზის მილის დაზიანების ფაქტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზსადენი, რომლითაც სომხეთს ბუნებრივი აირი მიეწოდება, წუხელ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა.